პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 აპრილს საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა უკან არ დაიხევს და არ შეეგუება აჭარის ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს.
„მთავარი პრობლემა აჭარაში ასლან აბაშიძისგან მოდის. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა უმრავლესობამაც მე დამიჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„ასლან აბაშიძე აჭარის მოსახლეობას არ აურჩევია. ამგვარად, მას არ აქვს უფლება აჭარის მოსახლეობის სახელით ისაუბროს. აჭარის ხელმძღვანელობა მხოლოდ ნარკოტრეფიკით და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებითაა დაკავებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ მას რადიკალური პოზიციის გამო აბაშიძის მიმართ. „ფსევდო-პაციფისტები აცხადებენ, რომ კონფრონტაციის საჭიროება არ არსებობს. მე არ ვაპირებ შევეგუო ნარკობარონებსა და კრიმინალებს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. არ ვაპირევ მათთან მშვიდობის დამყარებას“, – დასძინა პრეზიდენტმა.
„გადამწყვეტი ზომები უნდა მივიღოთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კანონიერების აღსადგენად, უკან არ უნდა დავიხიოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სხდომაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)