საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ასლან აბაშიძეს და მის ოჯახს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს ქვეყნის შიგნით და მისი ფარგლების დატოვების შემთხვევაშიც, თუ იგი დაუყოვნებლივ გადადგება.
„სრულ ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევ ასლან აბაშიძეს და მისი ოჯახის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოში დარჩება ან დატოვებს ქვეყანას. მე პირადად ორჯერ ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით და ვთხოვე მას ასლან აბაშიძეს მიანიჭოს პოლიტიკური თავშესაფარი. მიუხედავად მრავალი დანაშაულებისა საქართველოს დატოვების შემთხვევაში ასლან აბაშიძეს უკან გადმოცემას არ მოვითხოვთ. ჩემს თავზე ვიღებ ამას“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე ხელშეუხებელი იქნება აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე, რომლებზეც გენერალურმა პროკურატურამ ორი თვის წინ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აჭარაში შემოღებული იქნება პრეზიდენტის მმართველობა, შეიქმნება დროებითი საბჭოები და იმოქმედებს იმ დრომდე, სანამ რეგიონში არ ჩატარდება ადგილობრივი მმართველოების რიგგარეშე არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სულ ცოტა დრო რჩება საბოლოო გამარჯვებამდე და იგი აჭარის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა ერთად იზეიმონ გამარჯვება.
„ქართველი ერი უნიკალური ერია, ამ მოკლე დროში მსოფლიოს დავანახეთ, რომ შევძელით ორი უსისხლო რევლუციის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მშვიდობიანად დასრულდება. აჭარლებმა ამ ორი დღის განმავლობაში გმირობა გამოიჩინეს და დაანახეს მსოფლიოს, რომ არ შეეგუებიან სეპარატიზმს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, აჭარაში უკვე დაწყებულია მოსახლეობაში თვეების წინ დარიგებული იარაღის ჩაბარება. ასევე დღეიდან საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს საზღვრები. „ჩემი მიზანია საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“ – დასძინა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)