საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის დელაგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია არასდროს უჭერდა მხარს აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს.
მათიას იორშმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ამ უკანასკნელმა გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო, რომელშიც აჭარის კრიზისის გამწვავების გამო პასუხისმგებლობა თბილისსა და ბათუმს თანაბრად ეკისრებოდა.
BBC-სთან საუბრისას მატიას იორშმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო ყოველთვის საქართველოს მეგობარი იყო და დასძინა „არასწორია, მეგობრები მტრებად გამოაცხადო“.
BBC-ის ინფორმაციით, იორშმა განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ალბათ სერიოზული საფუძველი აქვს“. მან ასევე გამორიცხა საქართველოს ევროპის საბჭოდან შესაძლო გარიცხვის შესაძლებლობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)