Site icon Civil.ge

აჭარაში არჩევნებისთვის მზადება დაიწყო







აჭარელ ამომრჩეველს ბოლო შვიდი თვის
განმავლობაში მეოთხედ მოუწევს არჩევნებზე
წასვლა.
20 ივნისს აჭარის მოსახლეობა ადგილობრივ, 30-კაციან საკანონმდებლო ორგანოს – უზენაეს საბჭოს აირჩევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 13 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითმა საბჭომ მიიღო.

მას შემდეგ, რაც აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმი დაემხო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ადგილობრივი ორპალატიანი პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე რეგიონში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა შემოიღო, რომელიც მის მიერ დანიშნული 20-კაციანი დროებითი საბჭოს საშუალებით ხორციელდება.

დროებითი საბჭო, ამაჟამად, საარჩევნო კანონის შექმნაზე მუშაობს. კანონში განისაზღვრება ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება არჩევნები აჭარაში.

„ჯერ-ჯერობით, თუ რა ცვლილებები შევა აქამდე  მოქმედ საარჩევნო კანონში გაურკვეველია, საბჭო მუშაობს და დაახლოებით ორ-სამ დღეში უკვე ჩამოყალიბდება იმ ძირითად პრინციპებზე, რომლის საშუალებითაც მოხდება აჭარაში არჩევნების ჩატარება“ – განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას  დროებითი საბჭოს წევრმა თამაზ დიასამიძემ, 12 მაისს.

აჭარის პარლამენტი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო იქნება, სადაც აირჩევა 30 დეპუტატი. უკვე გადაწყვეტილია, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჩატარდება. ამ ეტაპზე უცნობია 30 დეპუტატიდან რამდენი იქნება მაჟორიტარი და რამდენი პროპორციული წესით არჩეული.

აჭარაში საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასა და ამომრჩეველთა სიების შედგენა-დაზუსტებაში მონაწილეობას დროებით საბჭოსთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიაც (ცსკ) მიიღებს.

ცსკო-ს წევრის კარლო კვიტაიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა არჩევნები აჭარაში კომისიის მიერ შექმნილმა სპეც-ჯგუფებმა ჩაატარონ. თამაზ დიასამიძის განცხადებით კი საბჭო მსჯელობს საარჩევნო ადმინისტრაციების ჩამოყალიბების საკითხზე.

„მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა შეცვლა არ იგეგმება. საარჩევნო უბნებზე, ალბათ, არსებული კონტიგენტის ის ძირითადი შემადგენლობა დარჩება, რომლებმაც აქამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უზრუნველყვეს“, დასძინა დიასამიძემ.
აჭარაში დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებში თითქმის ყველა ძირითადი პარტია აპირებს მონაწილეობის მიღებას. ამის სურვილი უკვე გამოთქვეს, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ლეიბორისტილი (შრომის) პარტიამ.

„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას აჭარაში დაგეგმილ არჩევნებში და წარმატების მოპოვების იმედიც გვაქვს“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას „ლეიბორისტების“ წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადებიან „მემარჯვენე ოპოზიცია –  მრეწველები, ახლები“, რომლებიც ამ კვირაში საგანგებო თათბირს აწყობენ აჭარაში პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. პარტიის წევრის, დავით საგანელიძის ინფორმაციით, თათბირზე შეთანხმდება,თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. 

„არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლება, ეს იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, განსაზღვრული შესაბამისი პროცედურებით. თითოეულ პარტიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, შეეძლება წინასაარჩევნო კამპანიის გამართვა და მოსახლეობასთან შეხვედრა“, განაცხადა აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლევან ვარშალომიძემ. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით პარტიებს  ოფიციალური განაცხადები   არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით ჯერ არ წარუდგენიათ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს, თამაზ დიასამიძის განმარტებით, არჩევნების დროს გამოყენებული იქნება 28 მარტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დროს შემდგარი სიები. ცსკო-ს წევრის კარლო კვიტაიშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს ასევე იმოქმედებს ამომრჩეველთა რეგისტრაცია.