Site icon Civil.ge

საქართველო ევროპის საბჭოსთან ურთიერთობებს აღარ ამწვავებს

ევროპის საბჭო ივლისში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგს განაახლებს








მოსალოდნელია, რომ შვიმერს (მარცხნივ)
ევოპის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე
აღარ აირჩევენ, რასაც ავტომატურად მოჰყება
საქართველოში მისი წარმომადგენლის ნიკოლოვის
(მარჯვნივ) მიერ საქართველოს დატოვება. 
საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის აჭარის კრიზისთან დაკავშირებული განცხადებების გამო წარმოქმნილი დაპირისპირების სიმწვავე მას შემდეგ შენელდა, რაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა მომხდარს “ინფორმაციული გაუგებრობა” უწოდა.

9 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც ამ უკანასკნელმა თბილისსა და ბათუმს ერთნაირი პასუხისმგებლობა დააკისრა აჭარის კრიზისთან დაკავშირებით. სააკაშვილმა ამ განცხადების გამო შვიმერს „თავხედი, მაღალხელფასიანი ბიუროკრატი“ უწოდა. ამ ე.წ. „გაუგებრობას“ მოჰყვა თბილისის მიერ ვალტერ შვიმერის საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის მოთხოვნა.

მოსალოდნელი იყო, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბაშვილისა და ვალტერ შვიმერის 12 მაისს სტრასბურგში შემდგარ შეხვედრაზე გაირკვეოდა, თუმცა მხარეების განცხადებით, ისინი ნიკოლოვის თემას შეხვედრაზე არ შეხებიან.

პლამენ ნიკოლოვი კვლავაც საქართველოში რჩება და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას განაგრძობს. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი საქართველოდან გაწვევის პროცედურები უკვე დაწყებულია.


ამავდროულად ევროპის საბჭო 10 მაისს ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “ორგანიზაციას საქართველოს ხელისუფლებისგან არ მიუღია რაიმე ოფიციალური მოთხოვნა პლამენ ნიკოლოვის გაწვევის თაობაზე“.


თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის შეთანხმება ევროსაბჭოსთან, პრაქტიკულად, მიღწეულია.” მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვალტერ შვიმერთან, რომელმაც  ბურჯანაძის თქმით, “მომავალში ურთირთობების მოწესრიგების სურვილი გამოთქვა”.


პრეზიდენტი 11 მაისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ვალტერ შვიმერის პერსონას კიდევ ერთხელ შეეხო. “ევროპის საბჭოს სამდივნოს უშუალო ფუნქცია ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირების მოხდენაა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ხელფასს უხდის მათ ამისათვის”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა მინიშნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთა. უკვე ცხადია, რომ საქართველო არჩევნებში შვიმერს მხარს აღარ დაუჭერს. მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე საქართველო ნიკოლოვის საკითხს აღარ გაამწვავებს.


1999 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გენერალური მდივნის პოსტზე 5 წლის ვადით არჩეული, ავსტრიელი ვალტერ შვიმერის ერთ-ერთი კონკურენტი ივნისში დაგეგმილ მორიგ არჩევნებზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ტერი დევისი იქნება.


ქართული მხარე ღიად აცხადებს, რომ გენერალური მდივნის პოსტზე ხმას სწორედ ტერი დევის მისცემს. თავის დროზე, ტერი დევისის რეკომენდაციებმა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე დადებითად იმოქმედა.


“ჩვენ ურთიერთობები არა ევროსაბჭოსთან, არამედ გენერალურ მდივანთან დავძაბეთ, ერთ თვეში დაგემილ არჩევნებზე საქართველოს დელეგაცია გენერალური მდივნის პოსტზე მხარს ტერი დევისს დაუჭერს, წინასწარი განწყობებით თუ ვიმსჯელებთ შვიმერს პოსტზე დარჩენის ნაკლები შანსი აქვს”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ელენე თევდორაძემ, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ევროპის საბჭოში.


აღსანიშნავია, რომ ივლისიდან მოსალოდნელია ევრო საბჭოს მხრიდან საქართველოსთვის იმ ვალდებულებების შესრულების შეხსენება მოხდეს, რომელიც ქვეყანამ 1999 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ითავა.


ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს საერთაშორისო კონვენციების ამოქმედების, შიდა კანონმდებლობის დახვეწის, რეფორმათა გატარების, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში ოცდაათამდე ვალდებულების შესრულება დაეკისრა, რომელთა დიდი უმრავლესობა უკვე შესრულებულია. 2001 წელს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაციის ფორმით საქართველოს რიგი ვალდებულებების შესრულება დამატებით დააკისრა. თუმცა ვალდებულებათა ნაწილი საქართველოს მიერ ვადების დარღვევევით ან საერთოდ არ სრულდება.


დღესდღეობით 33 ვალდებულება აქვს ქვეყანას შესასრულებელი. მათ შორისაა ორპალატიანი პარლამენტისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ავტონომიების სტატუსის განსაზღვრა, დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის პროცესის დაწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის სრული არჩევითობა, პოლიციის, პროკურატურის რეფორმირება და სხვა.


როგორც ელენე თევდორაძე აცხადებს, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც შარშან ნოემბრის რევოლუციაში გამოიხატა, ევროპის საბჭომ ვალდებულებათა შესრულებაზე მოკლევადიანი “მორატორიუმი” 2004 წლის იანვარში გამართულ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოაცხადა და ვალდებულებათა შესრულების ვადები შეაჩერა.


თუმცა რამოდენიმე თვეში ევროპის საბჭო ვალდებულებების შესრულებას კვალავაც აქტიურად მოითხოვს. ამ მიზნით ივლისში იგეგმება საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი მათიას იორშის ხელმძღვანელობით, რომელიც ვალდებულებათა შესრულებასა და მათი ვადების შესახებ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართავს.


“ამ ვიზიტისას მოხდება ახალი სქემის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ცალკეული ვალდებულებათა შესრულება შესაძლოა საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან, ხოლო დარჩენილი ვალდებულებების შესრულებისათვის დაწესდეს რეალური ვადები, რომელშიც ხელისუფლება შეძლებს ჩაეტიოს”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ელენე თევდორაძემ.


მისი თქმით, ქართული მხარე შეეცდება დაარწმუნოს ევროპის საბჭო, რომ მოიხსნას ეროვნულ უმცირესობებთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, ხოლო დეპორტირებული მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით სრულიად ახალი ვადები დაწესდეს. “ფაქტიურად ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ნულიდან დავიწყებთ”, აღნიშნა თევდორაძემ.


1999 წელს ნაკისრი ვალდებულებით, საქართველოს დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხის მოგვარება 2012 წლამდე უნდა მოეხდინა.


გარდა ამისა, საქართველოს 1999 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს მიმართ დავალიანებამ 1 მილიონ 200 ათასი ევრო შეადგინა. საქართველოს ყოველწლიურად 200 ათასი ევროს ოდენობის საწევრო გადასახადი ეკისრება. საქართველო ევროპის საბჭოს 45 წევრ ქვეყანას შორის ერთ-ერთი ცუდი გადამხდელია.

“სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების მსგავსად საქართველოსაც აქვს დავალიანება ორგანიზაციის მიმართ, რაც ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებს”, აცხადებს ელენე თევდორაძე.