| თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ახალ მიდგომებს ეძებს. |
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აჭარის თბილისის კონტროლის ქვეშ დაბრუნება ხელს შეუწყობს საქართველოს გაერთიანებას, მაშინვე მოჰყვა აფხაზური მხარის რეაქცია.
საქართველოში გაეროს მისიის მთავარ სამხედრო დამკვირვებლისადმი კაზი აშფაკ აჰმედისადმი გაგზავნილ წერილში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვიაჩესლავ ეშბა აცხადებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები გალის რაიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, მასობრივი დაუმორჩილებლობის ინსპირირებით რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას გეგმავენ.
„საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი გალში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. ამ მიზნით, მათ გალის რაიონის ზღვისპირა დასახლებულ ზონებში იარაღი, ტყვია-წამალი, საქართველოს სახელმწიფო დროშები და საქართველოს პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] პორტრეტები შეაქვთ“, ნათქვამია ეშბას წერილში.
მან, ასევე, სთხოვა გაეროს მთავარ სამხედრო დამკვირვებელს გააკონტროლოს სიტუაცია კოდორის ხეობაში, რომელიც აფხაზეთში ერთადერთი ტერიტორიაა, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. აფხაზური მხარე შიშობს, რომ თბილისმა შესაძლოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კოდორის ხეობა გამოიყენოს, როგორც პლაცდარმი სოხუმზე თავდასხმისათვის.
„ნაცვლად იმისა, რომ ქართულმა მხარემ გაიყვანოს თავისი ჯარები კოდორიდან, როგორც ეს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 2002 წელს იქნა შეთანხმებული, ისინი, ვითომდა ანტი-კრიმინალური ოპერაციის ჩატარების მიზნით, დამატებითი ჯარების შეყვანას გეგმავენ კოდორში“, განაცხადა ვიაჩესლავ ეშბამ.
კონფლიქტის მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ უარყო ბრალდებები და მათ „აბსურდული და უსაფუძვლო“ უწოდა. იგი 20 მაისს სოხუმში ჩასვლას გეგმავს, რათა გააქარწყლოს აფხაზური მხარის შიშები.
„თბილისი მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეეცდება კონფლიქტის მოგვარებას. მე უკვე ვესაუბრე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ტელეფონით და ავუხსენი მას, რომ მათი თავდაცვის მინისტრის [ვიაჩესლავ ეშბა] განცხადება უსაფუძვლო და აბსურდულია. ისიც დამეთანხმა, რომ ეს განცხადებები ემოციებზე დაყრდნიბით გაკეთდა“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ „სივილ ჯორჯიას“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა გივი იუკურიძემ, ასევე, უარყო ინფორმაცია თბილისის მიერ ძალისმერი მეთოდებით აფხაზეთზე კონტროლის დამყარების თაობაზე. მან 14 მაისს განაცხადა, რომ ჯარების გაგზავნა კოდორსა და გალში არ იგეგმება.
სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, აჭარის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება არის აფხაზებისადმი გაგზავნილი შეტყობინება, რომ საქართველოს შესწევს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების უნარი.
ხაინდრავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ახალი კონცეფციის განხილვა.
„პირველ რიგში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს დოკუმენტს, რომელიც ასახავს კონფლიქტის მოგვარების ყველა ასპექტს, როგორც ეკონომიკურს, ასევე იურიდიულს და პოლიტიკურს. მხოლოდ შემდეგ გვექნება საშუალება კონცეფციის დეტალები გავახმაუროთ“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ „სივილ ჯორჯიას“.
„სანამ არ მოხდება ამ დოკუმენტის სათანადოდ შესწავლა და უშიშროების საბჭოზე განხილვა, მანამ მისი ამუშავება არ იგეგმება. ჩემი შეფასებით, ეს მისაღები კონცეფციაა. საინტერესოა ის, რომ დეტალურად არის გაწერილი თითოეული საკითხი, წარმოჩენილია ეკონომიკური საკითხები. მთავარი თემა კი სახელმწიფო მოწყობაა. კარგია ისიც, რომ კონცეფციაში სხვადასხვა ვარიანტებია წარმოდგენილი“, დასძინა გოგა ხაინდრავამ.
აფხაზეთის საკითხებში ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 1996 წლიდან აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რეგულარულ შეხვედრებში მონაწილეობს, ერთ-ერთი იმ ექსპერტთაგანია, რომელთაც კონცეფცია უშიშროების საბჭოს დაკვეთით შეიმუშავეს.
„ორსუბიექტიანი ფედერალური სახელმწიფო, მისაღები უნდა იქნეს, როგორც ჩვენთვის, ისე აფხაზებისთვის. ქართულმა მხარემ უნდა უჩვენოს აფხაზებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვუზრუნველვყოთ აფხაზების ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა“, განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „სივილ ჯორჯიას“.
სავარაუდოდ, კონცეფცია, რომელიც პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ხედვას წარმოადგენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით, რამოდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.
პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა, რომელმაც აჭარის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შედეგად წარმატებით ჩააბარა თავისი პირველი რეალური გამოცდა, ახლა მთელ ყურადღებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიებისაკენ მიმართავს.
დამკვირვებელთა თქმით, ოქტომბერში აფხაზეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი იმპულსი გახდება, რათა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირება უფრო გააქტიურდეს. აფხაზებმა ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ, რადგანაც დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას საპრეზიდენტო ვადა წელს იწურება.
