Site icon Civil.ge

ცხინვალში პარლამენტს ირჩევენ







ცხინვალის ხელისუფლებას ჩრდილოეთ
ოსეთთან შეერთება სურს.
23 მაისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეპუბლიკაში მეოთხე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ტარდება, რომელიც ოფიციალური თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არალეგიტიუმარად არის მიჩნეული.

როგორც ადგილობრივ პრესაში თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილე გიორგი ჯიოევი აცხადებს, ცხინვალის რეგიონში არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. სულ არჩეული იქნება 34 დეპუტატი, 15 მაჟორიტარული წესით, 15  პროპორციული. დარჩენილი 4 ადგილი კი ქართველებისთვის იქნება გამოყოფილი.

არჩევნებში მონაწილეობის მიიღების უფლება ოს მოსახლეობასთან ერთად რეგიონში მაცხოვრებელ ეთნიკურ ქართველებსაც აქვთ.

არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებიან. თუმცა ცხინვალში არჩევნების მონიტორიგისთვის ჩავიდნენ დამკვირვებლები ჩრდილოეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მსგავსად, აჭარაში თბილისის კონტროლის აღდგენამ შიში ცხინვალშიც გამოიწვია.

ამას დაერთო გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონის ქართველებით დასახლებულ სოფლებში მოძრაობა „კმარა“ აქტიურდება, რომელსაც საზოგადოების მობილიზაციის უკვე კარგი გამოცდილება აქვს. 
 
„კმარამ“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისში 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციაში“, მაისში კი ბათუმში, ახლა სერიოზულ  მოქმედებას იმ ტერიტორიებზე გეგმავს, სადაც ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე სამოქმედ გეგმაც განსხვავდება თბილისისა და ბათუმის გეგმებისაგან.  


„ჩვენ შემუშავებული გვაქვს სამოქმედო ტაქტიკა, თუმცა სრულყოფილად ჩამოყალიბებული ჯერ არ ვართ. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ ახალგაზრდობასთან, ჩვენს რიგებში ამ დროისთვის მხოლოდ ქართველი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ოსი ეროვნების ახალგაზრდების შემოერთება“, განუცხადა „სივილი ჯორჯიას“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თეა თუთბერიძემ.


„კმარას“ გააქტიურება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაგმო. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 23 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კმარას“ ქმედებები „სამხრეთ ოსეთში მკაცრად იქნება აღკვეთილი.“


„ჩვენ არ დავუშვებთ „კმარას“ მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობას ჩვენს ტერიტორიაზე“, დასძინა კოკოითმა.



„ჩვენ კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული თუ რაზე მივდივართ, ასე იყო აჭარაშიც, როდესაც პირველად დაიწყო „კმარამ“ გამოსვლები, დაიწყო აქტივისტების დევნა და ფიზიკური შეურაცყოფა, იყო დაპატიმრებებიც, მაგრამ ჩვენ ამას არ შევუშინდით და ბოლომდე გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა“,  განაცხადა თეა თუთბერიძემ.


მისი თქმით, ანალოგიური ტაქტიკით მოქმედება ცხინვალის რეგიონში არ იქნება ეფექტური, რადგანაც იქ განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე აჭარაში.


„ჩვენ ახლა გაცილებით ნელი ტემპებით ვმოქმედებთ, ვიდრე აჭარაში. აქ გარკვეულწილად ხელისუფლების გამოკვეთილი პოზიციაც გვჭირდება მიზნის მისაღწევად და დარწმუნებული ვართ, რომ შეუძლებელი არაფერია“, აცხადებს თეა თუთბერიძე.


სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მართალია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეეთთან მიერთებას ესწრაფვის.


„დღეს როგორც არასდროს ახლოსაა რუსეთთან ჩვენი ინტეგრაცია. ვერავინ გვაიძულებს ვერც მე და ვერც ჩემს ხალხს, არჩეულ გზას გადავუხვიოთ“,  აცხადებს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითმა.

“ჩვენი მიზანია რუსეთის ფედერაციასთან შეერთება და ჩვენ ამას მივაღწევთ”, განაცხადა 23 მაისს ედუარდ კოკოითმა.


საქართველოს პრეზიდენტი  26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განცხადების გაკეთებას აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე, სადაც სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება იმ სამოქმედო გეგმის შტრიხები, რომლის განხორციელებასაც ოფიციალური თბილისი გეგმავს ტერიტორიული პრობლემების მოსაგვარებლად.