რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ქალიშვილის, დიანა აბაშიძის ხშირ დაკითხვებთან დაკავშირებით, რომელსაც ფინანსური პოლიცია აწარმოებს. დიანა აბაშიძე ბათუმში 20 ივნისს ჩავიდა დედის წლისთავზე დასასწრებად.
“ოფიციალურმა თბილისმა მტკიცედ განაცხადა, რომ არ მოხდებოდა ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
დიანა აბაშიძე უკვე რამდენჯერმე დაკითხეს ადგილობრივმა გამომძიებლებმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, დიანა აბაშიძის სახელზეა გაფორმებული ის აქტივები, რომლებიც მამამისმა “მოიპარა”.
დიანა აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა, თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, ხშირი დაკითხვების გამო დიანა აბაშიძის თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია.
აჭარის ყოფილმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ საქართველო 6 მაისს დატოვა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. მოლაპარაკებებზე შუამავლის როლს რუსული მხარე ასრულებდა.
თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ვრცელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)