| რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს.ლავროვი ნატოს სამიტზე ფოტო: ნატოს ვებ-გვერდიდან |
ნატოს სამიტი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსთვის. სამიტის დასასრულს მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიკაცია დაუკავშირდა რუსეთის მიერ 1999 წელს სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც საქართველოდან და მოლდოვადან სამხედრო ნაწილებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს.
მარტივ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის სამხედრო ბაზებს მოლდოვადან და საქართველოდან, ნატოს ექნება შესაძლებლობა გაზარდოს თავისი სამხედრო კონტინგენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს სწორედ ის სცენარია, რომელიც რუს გენერლებს ასე აშინებს და რომელიც კარგს არაფერს უქადის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმიჯს თავად რუსეთში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰუფ სხეფერმა ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებასა და სტამბოლის ვალდებულებებს შორის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ იურიდიულ კავშირსაც ხედავს.
ამ იურიდიულ კავშირს დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ეუთოს სამიტის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ პოლიტიკურ, და არა იურიდიულ ვალდებულებად მიიჩნევდა.
ყოველივე ეს საქართველოსთვის კარგი სიახლეა, რადგან თბილისი მოსკოვის მიმართ სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებებში პოზიციიებს იუმჯობესებს.
თუმცა, ნატოს ზეწოლა ვერ აიძულებს რუსეთს სამხედრო ბაზები გაიყვანოს საქართველოდან. ამგვარი ზეწოლა მხოლოდ აძლიერებს ადგილობრივი რადიკალური ძალების პოზიციებს პარლამენტსა და სამხედრო წრეებში. რა თქმა უნდა, კრემლს შეუძლია ყურად იღოს ამგვარი განწყობები და სიმკაცრე გამოიჩინოს საქართველოს მიმართ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიდგომას ემხრობა ამჟამად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ვლადიმერ პუტინს შეუძლია ისიც, რომ არ გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრება და საქართველოსთვის მისაღებ კომპრომისზე წავიდეს, თუმცა ეს უკვე საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე მიანიშნა, რომ იგი მზად არის კომპრომისისთვის.
აღსანიშნავია, რომ რუსული პრესა თავს იკავებს გამოიყენოს სიტყვა რუსული ბაზების “გამოყვანა“, რაც პირდაპირ არც ნატოს მიერ მიღებულ კომუნიკეშია ნახსენები, რომელიც უბრალოდ მოითხოვს სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული “პრობლემების სწრაფ მოგვარებას“ და მოუწოდებს თბილისსა და მოსკოვს “განაახლონ მოლაპარაკებები შესაბამის დონეზე.“
სააკაშვილმა ასევე შეიკავა თავი ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან ჩრდილოატლანტიკური პარტნიორობის საბჭოზე, სადაც თავისუფლად შეეძლო ტრიბუნის გამოყენება, რათა მიემართა თხოვნით რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე.
სამაგიეროდ, როგორც ქართული მედია იუწყება, სამიტში მონაწილე ქართველი დიპლომატებს მცდელობა არ დაუკლიათ, რათა კომუნიკეს ტექსტში შეეტანათ შემდეგი ფრაზა: “ჩვენ მივესალმებით საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას რეფორმების განხორციელების თაობაზე.“ აშკარაა, რომ ამ ფრაზით ქართველი დიპლომატები საქართველოსადმი ნატოს დიდი ინტერესის აქცენტირებას შეეცადნენ.
იგივე პუნქტში, ასევე ნათქვამია, რომ კავკასია და ცენტრალური აზია ნატოს “განსაკუთრებული ინტერესის სფეროში“ იმყოფებიან. ამ ინტერესის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ითვალისწინებს ნატო-ს ორი სპეციალური წარმომადგენლობის გახსნას ამ რეგიონებში. როგორც ცნობილია, საქართველოს სურვილია ნატოს კავკასიის ოფისი თბილისში განთავსდეს.
თუმცა ტერმინი “განსაკუთრებული ინტერესი “ საკმაოდ ზოგადია. როგორც ჩანს, ალიანსში ამ ახალი პრიორიტეტული რეგიონების მიმართ ჯერ არ არსებობს რაიმე კონკრეტული პოლიტიკა. ნატო-სთვის უმთავრეს პრიორიტეტებად ერაყი, ავღანეთი, ბალკანეთი და ტერორიზმია, რაც, რა თქმა უნდა, კავკასიის ქვეყნებს ჩრდილში აყენებს.
ამ პირობებში, ალიანსს ურჩევნია ფრთხილად იმოქმედოს ორმხრივ ფორმატში, განსაზღვროს თანამშრომლობის პრიორიტეტები იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ალიანსთან დაახლოვება. კომუნიკეში სამი ასეთი სახელმწიფოა ნახსენები: საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი. თითოეულმა ამ სახელმწიფომ გამოხატა სურვილი ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განვითარების თაობაზე, რაც მათ კიდევ უფრო დააახლოვებს ალიანსთან სამხედრო და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური თვალსაზრისით.
ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხორციელებით ეს სახელმწიფოები განსაზღვრავენ თავიანთ მიზნებს ნატოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ნატოს დიპლომატები უაღრესად კმაყოფილები დარჩებიან იმ ფაქტით, თუ ეს პროცესი დიდად არ გაანაწყენებს რუსეთის.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებით თბილისი პასუხისმგლებლობას იღებს, რომ განახორციელებს მთელ რიგ რეფორმებს, რომელიც ქვეყნის არა მარტო თავდაცვის სისტემას, არამედ მთელს პოლიტიკურ სტრუქტურას დასავლურ სტანდარტებთან დააახლოვებს.
როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა უკვე შეეჯახა ამ სირთულეს: ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა, რომელიც ნატოს წარედგინა, არ იქნა მიღებული, როგორც საბოლოო დოკუმენტი ალიანსის ექსპერტების მიერ და არც კომუნიკეში იქნა იგი მოხსენიებული. დეტალები უცნობი რჩება, თუმცა სანდო წყაროს ცნობით, პროგრამის სწორედ პოლიტიკური და არა სამხედრო-ტექნიკური ასპექტი გახდა კრიტიკის საგანი.
ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის პოლიტიკური მხარე გულისხმობს სისტემატურ რეფორმებს თავდაცვის სამინისტროში და ეფექტური სამოქალაქო მეთვალყურეობის შექმნას. თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებით, ძალიან რთული იქნება შეზღუდულ ვადებში, რაც სავალდებულო პირობაა, ამ რეფორმების განცორციელება.
