რუსი სამშვიდობოების კუთვნილი, იარაღით დატვირთული მანქანების დაკავების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 7-8 ივლისის ღამეს კონფლიქტის ზონაში მყოფი რამდენიმე ათეული ქართველი მშვიდობისმყოფელი დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 8 ივლისს განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია “შემაშფოთებელია“.
საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა 8 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან. მხარეებმა ე.წ სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.
“ქართული მხარე ზედმიწევნით იცავს ყველა იმ შეთანხმებას, რომელსაც მოსკოვში პრეზიდენტებმა სააკაშვილმა და პუტინმა მიაღწიეს და რა კონტექსტშიც არ ჯდება ოსური მხარის მიერ წამოწყებული ცალმხრივი პროვოკაცია, გარწმუნებთ, რომ ამ პროვოკაციას არ წამოვეგებით და სიტუაციის სტაბილურ ჩარჩოებში დაბრუნების უნარი შეგვწევს“, განაცხადა 8 ივლისს გელა ბეჟუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მხრიდან შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე არ დაუშვებს ვითარების გამწვავებას, როგორც ეს მოხდა 1991 წელს.
“მას [კოკოითს] დაკარგული აქვს მოთმინება, იმის გამო, რომ წერტილი დაესვა წლების განმავლობაში არსებულ მის კრიმინალურ ბიზნესს, კონტრაბანდას, ტრეფიკინგს. დღეს კოკოითი ცდილობს მოახდინოს შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება. ჩვენ [ქართული მხარე] არაფრის დიდებით არ დავუშვებთ ქართულ და ოსური მხარეებს შორის კონფლიქტს“, განაცხადა 8 ივლისს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, მალე გადაწყდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამშვიდობოები დატოვებენ თუ არა კონფლიქტის ზონას. “მკაფიო ინსტრუქციები აქვთ მიღებული რუს სამშვიდობოებს რუსეთის მხრიდან. ველოდებით მოვლენათა განვითარებას. ამ საათებში გადაწყდება რამდენად ქმედითუნარიანი არიან რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში. მათ [რუსმა სამშვიდობოებმა] ვითარების ნებისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში საკუთარის მანდატის ადექვატურად უნდა იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის ზონაში დაკარგავს ყოველგვარ აზრს“, აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
გოგა ხაინდრავას განცხადებით, 50-მდე ქართველი სამშვიდობო დააკავეს და განიარაღების შემდეგ ცხინვალში წაიყვანეს. “დაკავებული ქართველი სამშვიდობოები კოკოითის [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო] რეჟიმის ხელში მძევლები არიან “, განუცხადა ხაინდრავამ “რუსთავი 2“-ს 8 ივლისს.
რუსეთმა უკვე უარყო რაიმე კავშირი ინციდენტთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა 8 ივლისს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუს სამშვიდობოებს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვთ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა რამოდენიმე ქართული სოფელი დაიკავეს. “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, [ქართველებით დასახლებულ] სოფელ ვანათში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ჯგუფები ჩხრეკვის ოპერაციებს ატარებენ იარაღის აღმოჩენის მიზნით“, განაცხადა ხაინდრავამ.
ქართული ტელეკომპანიების “იმედის“ და “რუსთავი 2“-ის ცნობით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართული მოსახლეობა თავდაცვის მიზნით საქართველოს ხელისუფლებისგან იარაღის დარიგებას ითხოვს. თუმცა, გოგა ხაინდრავამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“იარაღი არ დარიგდება. საქართველოს მთავრობას შეუძლია თვითონ მოაგვაროს ეს პრობლემა. სიტუაცია შემაშფოთებელია, თუმცა პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს“, აღნიშნა მან.
“ეს პროვოკაციაა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაციის გამწვავება თავიდან აიცილოს. ჩვენ არ წამოვეგებით ამ პროვოკაციას“, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო “საჭიროების შემთხვევაში“ დამატებით ძალებს გააგზავნის რეგიონში.
8 ივლისს ცხინვალში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს შინაგანი ჯარის მეთაურს გოგი თავთუხაშვილსა და რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურს ვიაჩესლავ ნაბდზოროვს შორის. მხარეები რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს შინაგანმა ჯარმა და სამშვიდობოებმა რუსეთის სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით დატვირთული ავტოკოლონა დააკავეს.
საკვებითა და სამხედრო ფორმით დატვირთული მანქანები ქართულმა მხარემ დაუბრუნა რუს სამშვიდობოებს, თუმცა იარაღით სავსე ორი მანქანა დააკავა, რამაც მოსკოვის პროტესტი გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც იარაღის დაუყონებლივ დაბრუნება მოითხოვა, ქართული მხარე “ძალისმიერ ქმედებებში“ დაადანაშაულა და იარაღის ჩამორთმევას “პროვოკაცია“ უწოდა.
”ჩვენ დავანახეთ ყველას, რომ არ დავუშვებთ უკანონო იარაღის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 7 ივლისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)