Site icon Civil.ge

სააკაშვილი: საქართველო ცხინვალს მალე დაიბრუნებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებას სურს მშვიდობა, თუმცა ამავდროულად მზად არის უცხოურ აგრესიას საკადრისი პასუხი გასცეს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ცხინვალს “მალე დაიბრუნებს.”
 
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს მათი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. მისი თქმით, საქართველოს სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან.


“ჩვენ რუსეთს გავუწოდეთ მეგობრობის ხელი, თუმცა ჯერ-ჯერობით იგი ჰაერშია გამოკიდებული, რადგან საპასუხო მოქმედებები არ ჩანს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
“თუ იმპერიულმა ინსტიქტებმა გაიმარჯვეს და სერიოზულმა ძალებმა რუსეთში გადაწყვიტეს ქართულ-ოსური კონფლიქტის 1992 წლის  მსგავსად განვითარება, მათ დახვდებათ არა 1992 წლის საქართველო, არამედ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი ძლიერი ჯარით. ჩვენ სირაქლემის პოზიციაში არ დავდგებით, რადგან ძალიან კარგად გვეცოდინება ვინ არის ჩვენი უშუალო მოწინააღმდეგე და საკადრის პასუხს გავცემთ მათ, მითუმეტეს, რომ ჩვენს გვერდით დგას მთელი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტს იმედი  აქვს მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის კეთილგონიერების, რომელსაც იგი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზედმეტი გამწვავების თავიდან ასაცილებლად გამოიჩენს.  


მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს თავის ოს თანამოქალაქეებთან, “რისი დასტურიც იყო კონფლიქტის ზონაში დღეს გამთენიისას წამოწყებული სროლების დროს ქართული მხარის მიზანმიმართულად ფრთხილი მოქმედება, რათა ოსების სისხლი არ დაღვრილიყო”, აღნიშნა პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონში უცხო ქვეყნის შეიარაღებული დაჯგუფებები იმყოფებიან.


“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა თავიდან ავიცილოთ, მაგრამ ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისათვის”, განაცხადა 10 ივლისს სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული ხელისუფლება “ცხინვალის რეგიონზე ძალიან მალე აღადგენს კონტროლს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)