Site icon Civil.ge

გოგა ხაინდრავა: მოვითხოვთ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასა და როკის გვირაბზე კონტროლის აღდგენას

დღეს სახემწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც შერეული კომისიის ფარგლებში მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს წარმოადგენს, განაცხადა, რომ “ცხინვალის რეგიონში მშვიდობის გასაღები მოსკოვის ხელშია”.


საკონტროლო კომისიის წინაშე ქართულმა მხარემ კონფლიქტის რეგიონში დემილიტარიზაციისა და როკის გვირაბზე კონტროლის აღდგენის საკითხები დააყენა.


“ჩვენთვის როკის გვირაბზე კონტროლის დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია”, განუცხადა ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ.


მისი თქმით, ქართული მხარე დემილიტარიზაციაზე საუბრისას გულისხმობს ოსური მხარის კონტროლირებად ჯავის რაიონში მყოფი შეიარაღებული დაქირავებული პირების მიერ ტერიტორიის დატოვებას, რომლებიც უკვე რამოდენიმე დღეა სამხედრო წრთვნებს გადიან. 


“ჩვენ არ დავუშვებთ დაქირავებულების კონფლიქტის ზონაში ყოფნას. ჩვენის მხრივ მზად ვართ კომისიური წესით, ნებისმიერი შემადგენლობით ერთობლივი შემოწმების ჩასატარებლად”, განაცხადა ხაინდრავამ.


მოსკოვში მიმდინარე შერეული კომისიის სხდომა, რომელზეც მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებებს ჯერ ვერ მიაღწიეს, კიდევ რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. სავარაუდოდ მხარეები შეთანხმებულ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)