Site icon Civil.ge

რუსეთი მოუწოდებს საქართველოს გაიყვანოს ზედმეტი ჯარები ცხინვალის რეგიონიდან

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მოუწოდა საქართველოს გაიყვანოს ზედმეტი ჯარები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან.


რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, 13 ივლისს ლონდონში ვიზიტისას სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ “სამი ათასამდე ქართველი სამხედრო იმყოფება ამჟამად კონფლიქტის რეგიონში”, რაც დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს.


“ქართული მხარის მიერ გადადგმული ამგვარი ნაბიჯები იწვევენ ანალოგიურ განწყობას ოსებში, რომელთაც უკვე დაიწყეს აქტიური შეიარაღება”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.


მისი თქმით, ოფიციალური შეთანხმების მიხედვით, რომელზეც ყველა მხარეს აქვს ხელი მოწერილი, თითოეულ მხარეს 500-ზე მეტი ჯარისკაცის განთავსების უფლება არ აქვს კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ ერთობლივ სამშვიდობო კონტიგენტში.


სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. “მშვიდობის შენარჩუნება რეგიონში უმთვარესი პრიორიტეტია”, დასძინა მან.


ქართული მხარე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მას კონფლიქტის ზონაში ზედმეტი სამხედრო ძალები ჰყავს განთავსებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)