შინაგან საქმეთა მინისტრმა და ამავდროულად პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართველი სამშვიდობოები და ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა 14 ივლისს.
ირაკლი ოქრუაშვილი სერიოზულ ძალად არ მიიჩნევს ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფ შერეულ სამხედრო ძალებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა სამხედრო წვრთნებს გადიან ჯავის რაიონში. წვრთნების ამსახველი კადრები 13 ივლისს სხვადასხვა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.
“ჩემი თვალით ვიხილე, როგორ გადაჰქონდათ სამხედრო ტექნიკა ერთი ადგილიდან მეორეზე რაოდენობრივი ეფექტის მოსახდენად. მათ ხელთ არსებული ძალა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ ქართველ სამშვიდობოებს“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ქართველი სამშვიდობოები გაფრთხილებულები არიან, რომ არ აყვნენ პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ადგილო ჰქონდეს ოსური მხრიდან და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)