დღეს რუსეთის დედაქალაქში იწყება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილო ოსური მხარეები.
ქართულ მხარეს მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა წარმოადგენს.
ქართული პოლიციის მიერ რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღის დაკავება და ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი სამი ქართველი სამშვიდობოს საკითხები დღის წესრიგის მთავარი თემები იქნება.
13 ივლისს ქართულმა მხარემ დააკავა რუსეთის საგანგებო დავალებათა სამინისტროს ჰუმანიტარული ავტოკოლონა, რომელსაც დახმარება მიჰქონდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობისათვის. ერგნეთთან მომხდარმა ამ ინციდენტმა მოლაპარაკებების წინ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი ასევე სტუმრობს მოსკოვს. მან 13 ივლისს მოლაპარაკებები გამართა რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან, რომელიც დღესაც გაგრძელდება არაოფიციალურ ვითარებაში.
შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება თბილისისთვისაც და მოსკოვისთვისას უმთავრესი პრიორიტეტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)