Site icon Civil.ge

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო პრეზიდენტს 2004 წლის 3 ოქტომბერს აირჩევენ.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ – “სახალხო კრებამ” რიგგარეშე სხდომაზე დღეს განსაზღვრა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რომელიც ხუთი წლის ვადით ირჩევა, უნდა იყოს ეთნიკური აფხაზი ბოლო ხუთი წლის მანძილზე მცხოვრები აფხაზეთში და აფხაზური ენის თავისუფლად მცოდნე.

პრეზიდენტობის კანდიდატისათვის, რომლის ასაკიც 35-დან 65 წლამდეა განსაზღვრული, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთში ცხოვრების ვალდებულების შესახებ ბრძანებულება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ორი თვის წინ გამოსცა. 

თავად არძინბა არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან მას ეს პოსტი უკვე ორჯელ ეკავა.

დღესვე შეიქმნა ლიგა “სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომელშიც აფხაზეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობები გაერთიანდნენ.

ლიგის შექმნის მიზანია კონტროლი გაეწიოს არჩევნებისთვის მზადებას; ასევე ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები შეექმნას წინასაარჩევო კამპანიის დროს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)