14 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სოლომონ პასიმ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.
როგორც ეუთოს საინფორმაციო სამსახური იტყობინება, საუბრისას ასევე კონფლიქტის ზონაში ეუთოს მანდატის გაფართოვების საკითხიც იქნა განხილული.
ეუთოს თავმჯდომარე “ძალიან ინტენსიურად” ადევნებს თვალს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. გასულ კვირას, როცა კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, იგი რეგულარულ კონსულტაციებს აწარმოებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან.
ე.წ სამხრეთ ოსეთის თემა 12 ივლისს ეუთოსა და ევროკავშირის ერთობლივ შეხვედრაზე, ხოლო 13 ივლისს ეუთოს ტროიკის მიერ იქნა განხილული, რომელშიც ბულგარეთის, ნიდერლანდებისა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან.
ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ივან ნაიდენოვი დღესაც ესწრება მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, რომელიც ოთხმხრივი შერეული კომისიის ფორმატში ტარდება.
მიხეილ სააკაშვილსა და სოლომონ პასის შორის გამართულ საუბარში მთავარი აქცენტი ვითარების განმუხტვის საჭიროებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე გაკეთდა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ საკითხის მშვიდობიანი მოგვარებაა”, განაცხადა სოლომონ პასიმ.
10 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო ე.წ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში “უმოქმედობაში” დაადანაშაულა.
არადა, ეუთოს ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ყველაზე აქტიურად არის ჩართული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)