Site icon Civil.ge

ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში უკანონო იარაღი დააკავა

18 ივლისს, საღამოს ქართველმა ჯარისკაცებმა დააკავეს ე.წ სამხრეთ ოსეთის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც იარაღი და აღჭურვილობა, ქართული მხარის მტკიცებით, უკანონოდ გადაჰქონდა კონფლიქტის ზონაში.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მანქანაში აღმოჩენილია ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებიც.


მისივე განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართველ კოლეგებს იარაღი არ დაეკავებინათ.


სროლები სწორედ მას შემდეგ გაისმა კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ აჩაბეთში, რაც ქართულმა მხარემ იარაღით დატვირთული მანქანა, რომელსაც ოსი ეროვნების მძღოლი მართავდა, დააკავა. სროლების შედეგად დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ქართველი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში უკანონო იარაღს აკავებენ. პირველად მათ რუსი მშვიდობისმყოფელების კუთვნილი დიდი რაოდენობით უმართავი ჭურვები დააკავეს, რომლის კონფისკაციაც ქართველმა სამართალდამცავებმა შემდგომში მოახდინეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)