Site icon Civil.ge

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან  შინაგანი ჯარის ნაწილების გამოყვანასა და კონფლიქტის ზონაში ქართული ბლოკპოსტების გაუქმებას არ აპირებს.
 
“რეგიონში მარტო რუსი სამშვიდობოების და მათი სარდლის გენერალ ნაბდზოროვის იმედად ვერ ვიქნებით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
 
მისი თქმით, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევა გამორიცხულია. “თუმცა, თუ გართულდა ვითარება, საკადრის პასუხს გავცემთ ყველას”, დასძინა პრეზიდენტმა. 
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.
 
“ჩვენი რუსეთთან მეგობრობის და კომპრომისის ზღვარი მთავრდება იქ, სადაც იწყება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, ის რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის დაზვერვის ოფიცრები მოქმედებენ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით არ ხდება.


“თუმცა კრემლში იციან და ადასტურებენ კიდეც ამ ფაქტს”, განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მოწყობილ პროვოკაციებში – 50 ქართველის სამშვიდობოს მძევლად აყვანასა და ცხინვალში მათ დაჩოქებაში, ასევე რუსულ ჰუმანიტარულ ტვირთთან დაკავშირებულ ინციდენტში რუსული დაზვერვის ოფიცრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.


“გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი პროვოკაციები კიდევ იგეგმება, ორი რუსეთის არსებობის ილუზია არ მაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ცალკეული მაღალჩინოსნები, 12 წლის წინ დაწერილი სპეცსამსახურების სცენარის მიხედვით, ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ”, განაცხადა 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)