საქართველოს ოფიციალურ პირთა განცხადებით, თბილისი ირანს გაზის ალტერნატიულ მომმარაგებლად მიიჩნევს. ამჟამად, ქვეყანა რუსული ენერგოკომპანიების “გაზპრომის“ და “იტერას“ მიერ მოწოდებული გაზით მარაგდება.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი გრძელვადიანია და მისი განხორციელება მხოლოდ მომავალი წლიდანაა შესაძლებელი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს საკითხი ივლისის დასაწყისში ირანში ვიზიტის დროს განიხილა.
“ირანული გაზი საქართველოს გაზით მომარაგების მხოლოდ ალტერნატიული წყარო იქნება, მაშინ როცა რუსეთი შეუმცირებს ან შეუწყვეტს ქვეყანას გაზის მოწოდებას. ირანი ვერ იქნება გაზის მუდმივი მომწოდებელი ჩვენთვის, რადგან ირანული გაზი ბევრად უფრო ძვირია“, განუცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა თეონა დოლიაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
ირანიდან საქართველოში გაზის მოწოდების ორი შესაძლო მარშრუტი არსებობს – ერთი აზერბაიჯანის, ხოლო მეორე – სომხეთის გავლით.
საბჭოთა პერიოდში საქართველო ირანულ გაზს აზერბაიჯანიდან იღებდა; თუმცა, აზერბაიჯანული გაზსადენი შეკეთებას საჭიროებს, რისთვისაც, საქართველოს ენერგიტიკის სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირანი დაინტერესებას გამოთქვამს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმართ, რათა საქართველოს გავლით განხორციელდეს ევროპაში ირანული გაზის ექსპორტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)