Site icon Civil.ge

ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი ცხინვალს სტუმრობდა

დღეს დასრულდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებში ჟელიუ ჟელევის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა.


დღეს ჟელიუ ჟელევი ცხინვალში დეფაქტო ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრს ბორის ჩოჩიევს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ზნაურ გასიევსა და რუსული სამშვიდობო ძალების სარდალს სვიატოსლავ ნაბდზოროვს შეხვდა.


“საინტერესო იყო ოსური მხარის ხედვა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით,  ზოგიერთ შეფასებებში მათ ვერ დავეთანხმები, მაგრამ ცხინვალში გამართული შეხვედრები ჩვენთვის ინფორმაციულად დატვირთული იყო”, განაცხადა დღეს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟელიუ ჟელევმა.


მისი თქმით, უპირველესი ამოცანა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია და ჭარბი იარაღის ამოღებაა, რათა დაძაბულობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.


ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის განცხადებით, ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე არ განხილულა ქართული მხარის მიერ 26 ივლისს ეუთოს წინაშე დასმული საკითხი, რომელიც ეუთოს მანდატის გაფართოვებას და როკის გვირაბის ერთობლივ გაკონტროლებას ეხებოდა. გუშინ ჟელიუ ჟელევი საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.


“ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე თავად სალომე ზურაბიშვილი დასვამს ეუთოს მანდატის გაფართოვების საკითხს, სწორედ ამ საბჭოს კომპეტენციაში შედის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა”, განაცხადა ეუთოს ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა.


“მთავარია მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღოს ეუთოს მანდატის გაფართოვების შესახებ გადაწყვეტილება, რისი რეალიზაციაც, რომელიც ტექნიკური საკითხების მოგვარებას უკავშირდება, მარტივად განხორციელდება”, დასძინა ჟელიუ ჟელევმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)