18.08.2004
ბ-ნო თავმჯდომარევ,
საქართველოს პრეზიდენტმა მთხოვა ჩამოვსულიყავი ვენაში და მომეხსენებინა თქვენთვის საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს ორგანიზაცია ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს, რაც მას საშუალებას მისცემს მომზადებული შეხვდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენ ახლა აქ წარმოვადგენთ. ეს შეეხება როგორც მონიტორინგის გაძლიერების შესაძლებლობებს, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ასევე სხვა მოსაზრებებს, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდები.
პირველ რიგში, მინდა შეძლებისდაგვარად სრულად დაგიხატოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების სურათი. მდგომარეობა არის რთული, დაძაბული და პარადოქსული, რადგან, გარდა იმისა, რომ სახეზეა დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაცია, იმავდროულად ადგილი აქვს სამშვიდობო ინიციატივების ესკალაციასაც. რა თქმა უნდა, ეს ორი რამ ერთმანეთს კარგად ვერ უთავსდება.
11 აგვისტოს შემდეგ ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა, ისინი თავდაპირველად იშვიათ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ამჟამად ყოველ ღამე ადგილი აქვს საარტილერიო დაბომბვას, არის მსხვერპლი მებრძოლებს შორის, ასევე პოლიციის რიგებში და მშვიდობიან მოსახლეობაში, ვგულისხმობ ქართულ მხარეს.
ჩვენ მოგვიხდა ქართული სოფლებიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია ორი ფაქტორის გამო: პირველი, ეს არის ღამით მიმდინარე დაბომბვები, რაც მძიმე გავლენას ახდენს სამოქალაქო მოსახლეობაზე, ხოლო მეორე მიზეზი არის ის, რომ თავდასხმები ხორციელდება ასევე იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც საქართველოს დანარჩენ ნაწილს ამ ქართულ სოფლებთან აკავშირებს, რის გამოც გართულებულია მისი სათანადოდ დაცვა და სოფლის მცხოვრებთათვის საქონლისა და პროდუქტების მიწოდება. ეს არის შემოვლითი გზა, რომელიც კვეთს ოსებით დასახლებულ ტერიტორიას და ქართული სოფლებისკენ მიემართება და რომელზეც თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუხსნეს ცეცხლი.
ამის გაგება ცოტათი რთულია იმისთვის, ვინც არ იცის, რომ სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია გავს ჭრელი ქსოვილის ნაჭერს, სადაც ქართული და ოსური სოფლები ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ქართული მხარისათვის არის ის, რომ მას ჰქონდეს ქართულ სოფლებამდე მისვლის შესაძლებლობა. ნებისმიერი რამ, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელ გზას, ფასდება როგორც უდიდესი საფრთხე, რომელიც თავად უსაფრთხოებას ემუქრება.
ასე რომ, დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობს და მისი შეჩერება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, ხოლო ზოგიერთი იტყოდა იმის გამო, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ფაქტიურად მდგომარეობის ესკალაცია დაემთხვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რადგან კიდევ უფრო გააქტიურდა როგორც საარტილერიო დაბომბვები, ისე სნაიპერთა თავდასხმები, რაც განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს იძლევა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თავდასხმები უშუალოდ სოფლის მცხოვრებთ უქმნის საფრთხეს. მინდა ვთქვა, რომ დღეს დილით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გასული ღამე ყველაზე საშინელი იყო. ქართულ მხარეს ჰყავს სამი გარდაცვლილი და რვა დაჭრილი.
მონაცემები ოსური მხარის შესახებ არ მომეპოვება. აქ მინდა შევეხო კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ეუთოსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან. ეს პროცესი შეიძლებოდა უფრო ოპერატიულად განხორციელებულიყო. დილით მე ვიკითხე, გადმოცემულ იქნა თუ არა რაიმე ინფორმაცია ღამით მომხდარი ინციდენტების შესახებ. მიპასუხეს, რომ ინფორმაცია იქნებოდა მხოლოდ დღის ბოლოს, კოკოითთან შესაძლო შეხვედრის შემდეგ.
ეს ალბათ ერთ-ერთი ის საკითხია, რომლის კორექტირებაც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეც შეიძლება, რამდენადაც ის არ საჭიროებს მანდატის შეცვლას ან სხვა რაიმე ამის მსგავსს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება უფრო ოპერატიული გახდეს, რათა დროულად შევძლოთ ეუთოს შეფასებების მიღება.
მდგომარეობის გაუარესებას, რაც ჩვენს უდიდეს შეშფოთებას იწვევს, მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რომელსაც მე სამშვიდობო ინიციატივების ესკალაცია ვუწოდე. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად შემოგვთავაზა გეგმა, რომელიც სამი ელემენტისაგან შედგებოდა:ცეცხლის შეწყვეტა, დემილიტარიაზაცია და პირდაპირი დიალოგი. ეს წინადადება გასულ კვირას იქნა წარმოდგენილი. გარდა კვირის ბოლოს ჩატარებული სხვა შეხვედრებისა, რომლებზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გუშინ ჩატარდა ასევე შერეული საკონტროლო კომისიის საკმაოდ პოზიტიური სხდომა, რომელმაც ფაქტიურად მიაღწია შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის, ასევე გზების გახსნისა და ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დაცვის თაობაზე.
შეთანხმება მიღწეულ იქნა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ამჯერად ოსეთის მხრიდან უნდა გაგრძელდეს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომების მოწვევა და მომზადდეს შეხვედრა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ზურაბ ჟვანიასა და ბ-ნ კოკოითს შორის. ჩვენ ასევე ვდგამთ ნაბიჯებს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებს მიღმა, რაც მიზნად ისახავს პირდაპირი დიალოგის გამართვას. -პრემიერ-მინისტრი თავად გაემგზავრა ცხინვალის რეგიონში, სწორედ მაშინ გაუხსნეს ცეცხლი მის კოლონას, რომ როგორმე ხელი შეეშალათ მისი მსვლელობისთვის.
ცხინვალში ჩასვლის ნება არ მისცეს ასევე არც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც კოკოითთან შეხვედრა სურდა. ყველა თქვენს მიმართვაში გაისმის მოწოდება მხარეთა შორის დიალოგისა და კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ, ეს გასაგებიცაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალზედ ძნელია ცალმხრივი დიალოგის გამართვა.
ჩვენთვის აუცილებელია, რომ მეორე მხარეც წამოვიდეს ამ დიალოგზე, გამოთქვას თანხმობა დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის დღევანდელი სხდომა ხელს შეუწყობს ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და კოკოითის შეხვედრას. ხოლო თუ ეს არ მოხდება, ჩვენ თქვენი ყველა წევრი ქვეყნის, ჩვენი ყველა პარტნიორისაგან ველით დახმარებას, რათა მათ კიდევ ერთხელ მოახდინონ ზეწოლა ამ შედეგის მისაღწევად, რადგან ფაქტიურად, პირდაპირი დიალოგის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ჩავწვდეთ სიღრმისეულად, თუ რა დგას ამ დაძაბულობის მიღმა.
ვფიქრობ, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებობს იმის აღიარება, რომ ეს დაძაბულობა უნდა შეწყდეს და კონფრონტაციის ეს საწყისი ფაზა როგორმე უნდა დასრულდეს, ვიდრე ესკალაცია კიდევ უფრო არ გაღრმავებულა. მისი შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება და ის ძალისხმევა, რომელიც უკვე განხორციელდა და შერეული საკონტროლო კომისიის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები ალბათ ამ პროგრესს ასახავს. და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესოა და უნდა აღინიშნოს, არის ოსეთის მხარის აღიარება, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ გარკვეულ შეიარაღებულ ჯგუფებს და ტერიტორიაზე მყოფ მესამე ძალას, კერძოდ, აქ ალბათ საუბარია სნაიპერებზე.
ეს არის უშუალო შედეგი იმისა, რის შესახებაც მე უკვე გესაუბრეთ ჩემი ბოლო შეხვედრის დროს –მხედველობაში მაქვს როკის გვირაბის გავლით, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაქირავებული მებრძოლების შემოსვლა. ზოგიერთმა მებრძოლმა უკვე დატოვა ტერიტორია, ზოგიც დარჩა. მათ, რა თქმა უნდა, საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და არავინ იცის ზუსტად, თუ რას აპირებენ ისინი:არასტაბილურობის შენარჩუნებას თუ კიდევ უფრო პროვოცირებას. ზოგიერთ ძალას საკმაოდ კარგი საფუძველი აქვს რეგონში ყოფნისათვის, მათ შორის მატერიალური დაინტერესება, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ჯგუფს შესაძლოა კიდეც აწყობდეს სასაზღვრო რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნება ან გაღვივება.
ყოველ შემთხვევაში, საინტერესოა თვით ის ფაქტი, რომ ოსეთის მხარემ ეს ოფიციალურად აღიარა. ეს მდგომარეობას არ ამარტივებს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარესა და სამხედრო ძალებს შორის შედგა მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავდა მესამე ძალის განეიტრალების საშუალებათა ერთობლივ მოძიებას, მანამ, სანამ ისინი რეალურად შესძლებდნენ სიტუაციის ესკალაციას, რაც არ შედის არც ქართული და არც ოსური მხარის ინტერესებში.
ახლა კი ნება მომეცით საუბარი გავაგრძელო იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია უჭირავს საქართველოს ხელისუფლებას და რატომ ვარ მე აქ.
პირველ რიგში, ნება მომეცით გესაუბროთ იმ წერილის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა გაუგზავნა ჩვენს კოლეგებს, ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებს, აშშ-ს პრეზიდენტს და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირს. Eეს წერილი მიზნად ისახავდა მათთვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში შექმნილი საშიში მდგომარეობისა და ჩვენი პოზიციის შესახებ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ყველა შესაძლო ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ დიალოგის ხელახალი დაწყებისა და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.
ჩვენ მზად ვართ ვიაროთ ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს წინადადებები რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრასთან და რეგიონის სრულ დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე კონკრეტული პროცედურის ამოქმედება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მთელ რეგიონში ეფექტური მონიტორინგის ჩატარებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვითხოვთ სრულ დემილიტარიზაციას, ადგილზე შესაძლებელია დარჩნენ მხოლოდ სამშვიდობო ძალები. მაგრამ ყოველივე ამას რა თქმა უნდა სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დეკლარირება. თუ ჩვენ არ გვსურს ახალი არასტაბილურობის გაღვივება, ეს პროცესი ტრანსპარენტულად უნდა წარიმართოს და დაექვემდებაროს სრულ მონიტორინგს.
პრეზიდენტმა ზემოაღნიშნულ ლიდერებს მოუწოდა შეესრულებინათ შუამავლის როლი ესოდენ აუცილებელი და გადაუდებელი დიალოგის ორგანიზებაში და მხარი დაეჭირათ ჩვენი მოწოდებისათვის ეუთოს მონიტორინგის გაძლიერებასა და მისი მანდატის გაფართოებასთნ დაკავშირებით, მათ შორის საზღვრის უფრო ეფექტურად გაკონტროლების მიზნით, რადგან კარგად ვხედავთ, რომ ჩვენთვის შექმნილი პრობლემის ერთ-ერთ ნაწილს სწორედ ეს საზღვარი და მასზე მიმოსვლა წარმოადგენს. პრეზიდენტი მოითხოვდა საერთაშორიო მხარდაჭერას, რაც მას პოლიტიკურ დონეზე, კერძოდ კი მაღალპოლიტიკურ დონეზე ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემდა.
მანამდე მან მისწერა პრეზიდენტ პუტინს და შესთავაზა არსებული მდგომარეობის განხილვა უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე. პრეზიდენტმა მას შესთავაზა პრემიერ-მინისტრის ან ჩემი გაგზავნა მოსკოვში აგვისტოს შუა რიცხვებში. პასუხი, რომელიც მოვიდა, გარკვეულწილად პოზიტიურია, მაგრამ დიალოგი ჯერ კიდევ საშუალო დონეზე რჩება.
ჩვენ შეგვეძლო უფრო მაღალ დონეზე აგვეყვანა შერეული საკონტროლო კომისია, რომელიც, ვფიქრობთ, სასარგებლო სამუშაოს ასრულებს, ეს გუშინაც გამომჟღავნდა და იმედი მაქვს, ეს სამუშაო დღესაც სასარგებლო იქნება, მაგრამ ალბათ ჩვენი დიალოგი ყველა მხარესთან უფრო მაღალ დონეზე უნდა წარიმართოს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ ველით კოკოითთან შეხვედრას და ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ უფრო მაღალი დონის დიალოგისათვის რუსეთის მხარესთან. ეს არის ის, რასაც თქვენმა ორგანოებმა მხარი უნდა დაუჭირონ.
პრეზიდენტი თავის წერილში კონკრეტულად საერთაშორისო კონფერენციაზე არ საუბრობს, ის საუბრობს მოლაპარაკებათა ფორუმის შესახებ, რადგან მას სურს ნათელი მოჰფინოს არსებულ მდგომარეობას. მას სურდა, რომ პირველი მე ჩამოვსულიყავი აქ.
ჩემი ვიზიტის მთავარ მიზანს, ფაქტიურად, წარმოადგენს თქვენთვის ჩვენი მოსაზრების გაცნობა. ჩვენ ჯერ არ განგვისაზღვრავს საერთაშორისო კონფერენციის პირობები. რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საჭიროა შეიქმნას ორი პირობა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება დაძაბულობის განმუხტვა, რისთვისაც აუციელებელია მხარეთა უფრო აქტიური მონაწილეობა, უფრო მეტი შუამდგომლობა, უფრო მეტი მონიტორინგი და უფრო მეტი პოლიტიკური ნების გამოჩენა.
ამავე დროს ჩვენ გვჭირდება პრობლემის გლობალური გადაწყვეტა, რაც მოიცავს პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას, სრულ დემილიტარიზაციას და ეკონომიკურ რეაბილიტაციას. და თუ ამ პრობლემის გლობალური გადაწყვეტის პერსპექტივა მოკლე ხანში არ გამოიკვეთება, ეს დაძაბულობა შენარჩუნდება, შესაძლებელი გახდება მისი ნებისმიერ დროს განახლება, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვა რთული იქნება.
საერთაშორისო კონფერენციამ შესაძლოა პრიორიტეტულ საკითხად აქციოს მასშტაბური გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ქართული მხარე მზად იქნება წარუდგინოს კონფერენციის მონაწილეებს თავისი მოსაზრება პოლიტიკური სტატუსისა და დემილიტარიზაციის, ამ დემილიტარიზაციის პროცესის მონიტორინგის, ასევე საზღვრების კონტროლისა და, ბოლოს, ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტის აპარატის მიერ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში დაფიქსირებულია ჩვენი მზადყოფნა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთისათვის მნიშვნელოვანი ავტონომიური უფლებების მინიჭებას, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომია საქართველოს სახელმწიფო ფედერალური მოწყობის სისტემაში, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა და უფლებამოსილებათა გადანაწილება ცენტრალურ სახელისუფლებო დონეზე. ეს წინადადებები ზოგად ხასიათს ატარებს და ისინი უნდა დაკონკრეტდეს, უნდა დაზუსტდეს, თუ როგორ განვიხილავთ პოლიტიკური სტატუსის საკითხს.
კონფერენციამ ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მექანიზმების ამოქმედების შესახებ, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას რეგიონში ეუთო-ს მონიტორინგის გაძლიერების გზით.
გარდა იმ მოსაზრებებისა, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, პოლიტიკური სტატუსი კიდევ სხვა ელემენტებსაც უნდა ეფუძნებოდეს, კერძოდ, ბადენის დოკუმენტს, რომელმაც შეიძლება სათავე დაუდოს კონფერენციაზე მოლაპარაკებათა წარმოებას.
ჩვენ უნდა განვიხილოთ საერთაშორისო კონფერენციის ფორმატის საკითხი და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ გავიზიაროთ სხვადასხვა მოსაზრებები. ჩვენი აზრით, კონფერენცია უნდა წარიმართოს როგორც ეუთო-ს, ისე გაეროს ეგიდით. ვფიქრობთ, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას ევროკავშირის მონაწილეობაც, ვინაიდან მას გააჩნია გარკვეული მექანიზმები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება რეგიონში სათანადო პირობების შექმნაში.
მე ვსაუბრობ საზღვრებზე საბაჟო კონტროლისა და საზღვრის მენეჯმენტის განხორციელებისა და პოლიციის პუნქტების შექმნის შესახებ. ეს შეიძლება განხორციელდეს ეუთოსთან თანამშრომლობის გზით, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება ფართო უფლებების მქონე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარისა და ორგანიზაციის მონაწილეობას, რომლებიც თავიანთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, ხოლო გაერო და ევროკავშირი უზრუნველყოფენ ეკონომიკურ რეაბილიტაციას, რაც ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია.
კონფერენციამ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს დემილიტარიზაციის, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ეუთო-ს მონიტორინგის გაძლიერების საკითხებზე. ჩვენი აზრით, კონფერენცია სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დრო, რათა შევთანხმდეთ არა მარტო კონფერენეციის პრინციპების, არამედ მისი ფორმის თაობაზეც. მაგრამ მანამდე, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, უნდა შედგეს მუდმივი საბჭოს ვიზიტი, როგორც ეს დაგეგმილია, 5 სექტემბერს. თქვენთვის და თქვენი ორგანოებისათვის მნიშვნელოვანია ადგილზე გაერკვიოთ მდგომარეობაში და გადაწყვიტოთ, თუ რა საშუალებების შემოთავაზება შეუძლია ეუთო-ს კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ჩატარებული მუდმივი საბჭოს პირველი სხდომა შესძლებს თუნდაც საწყისი ზომების მიღებას მონიტორინგის გაძლიერების მიზნით. ჩვენ მადლობელნი ვართ პირველი ნაბიჯების გამო – მისიას დაემატა კიდევ ორი დამკვირვებელი. რა თქმა უნდა ის ექვსი დამკვირვებელი, რომელიც იქ იმყოფება, ძალიან ცოტაა დასახული ამოცანის შესრულებისათვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, მათ უფრო აქტიური მონიტორინგი უნდა განახორციელონ, მაგალითად, სამშვიდობო ძალების სამ წარმომადგენელთან ერთად იმუშაონ დამკვირვებელთა პუნქტებში. ცხადია, რომ ექვს ადამიანს, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, გაუჭირდება მდგომარეობის გაკონტროლება.
კონფერენციას, ბადენის დოკუმენტის ჩარჩოსა და პრინციპებზე დაყრდნობით, მოუწევს პოლიტიკურ მოლაპარაკებათა ფორმატის შემუშავება. ჩვენი აზრით, თუ დემილიტარიზაციის პროცესის მონიტორინგი არ იქნება საკმარისი, კონფერენციას შეუძლია განიხილოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების საკითხი. რადგან არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი, რუსეთის სამშვიდობო ძალებს შეიძლება დაემატოს სხვა ქვეყნის კონტინგენტი, რომელსაც გააჩნია ოპერაციაში მონაწილეობის მიღების სურვილი; ეს შეიძლება იყოს ევროკავშირის ოპერაცია, რომელიც განხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით; ეს შეიძლება იყოს ეუთო-ს სამშვიდობო ოპერაცია. არსებობს მრავალი სხვა საშუალებაც.
მე გთავაზობთ მხოლოდ საწყისს მოსაზრებებს; ისინი საჭიროებს განხილვას საქართველოს მთავრობის მიერ, რათა მათ მიეცეს ოფიციალური წინადადების სახე. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დააკონკრეტა პრეზიდენტმა ეს მოსაზრებები თავის წერილში და თუ რატომ მივეცი მე მათ საწყისი მოსაზრებების ფორმა, არის ის, რომ ჩვენ გვინდა მოგცეთ დრო იმისათვის, რომ თქვენს სახელისუფლო ორგანოებს მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია და ჩვენ შევძლოთ თქვენი კომენტარების გაცნობა მანამ, სანამ საბოლოოდ გავიტანდეთ ჩვენს წინადადებას საერთაშორისო კონფერენციაზე.
აღნიშნული პროცესი განხორციელდება მოქმედ თავმჯდომარესთან, ბ-ნ პასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, რომელთანაც მე უკვე მქონდა შეხვედრა და რომელმაც მითხრა, რომ მას მუდმივი კავშირი ექნება თქვენს დელეგაციებთან, რათა იცოდეს თუ რა პოზიცია ექნება ეუთო-ს საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ხანგძლივ სტაბილურობას რეგიონში და, აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიჩინოთ მოქნილობა კონფერენციის მოდელისა და პროცედურების ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში.
ჩვენ ვფიქრობთ, ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ერთი საერთაშორისო კონფერენცია ვერ დაიწყებს მუშაობას მანამ, სანამ გამუდმებით ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა რეგიონში არსებულ ყველა ჩვენს ძალას საკმაოდ მკაცრი ბრძანებები მისცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასთან დაკავშირებით.
ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში, ჩვენი ძალები ცეცხლით პასუხობდნენ საარტილერიო დაბომბვებს, მაგრამ ისინი ცეცხლს ხსნიან მხოლოდ ორი საათის შემდეგ, როდესაც ჩვენი ძალებისათვის შეუძლებელი ხდება გაჩერება და გამოწვევის იგნორირება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რომელი მხრიდან იწყება ცეცხლი. ზოგჯერ ეს არის საარტილერიო ცეცხლი, რომელსაც ოფიციალური შეიარაღებული ძალები ხსნიან, ზოგჯერ უფრო ძნელია მისი წარმომავლობის გარკვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხორციელდება სნაიპერთა მონაწილეობით და შესაძლებელია მოდიოდეს მესამე და დაუდგენელი ძალებისაგან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვმართებს რაღაც ვიღონოთ ამასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი იყო ის, ვინც განაცხადა, რომ თუ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში მოხერხდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვა, ჩვენ რეგიონიდან გამოვიყვანდით იქ მყოფი ძალების 30 პროცენტს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, მათ რაოდენობას კიდევ 30 პროცენტით შევამცირებდით სრული დემილიტარიზაციის მიზნებიდან გამომდინარე. ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა სოფლებში მცხოვრებ პირებს არ შეექმნათ საფრთხე და არ შეიქმნას მოსახლეობის პანიკური ევაკუაციის საფუძველი.
ჯერჯერობით ეს არ განხორციელებულა. ჩვენ განვახორციელეთ ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია, კერძოდ, ისინი ორგანიზებულად გავაგზავნეთ ზღვის კურორტებზე ამ დაძაბულობის პერიოდში, ხოლო სასკოლო პერიოდის დაწყებისთანავე მოხდება მათი რეგიონში დაბრუნება. მაგრამ თუ სიტუაცია ისევ გამწვავდება და სოფლების დაბომბვა გაგრძელდება, ამ სოფლების მაცხოვრებლები დადგებიან უფრო საშიში ჰუმანიტარული პრობლემის წინაშე. ეს არის ის, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ.
ასე რომ, ძალზედ ძნელია დემილიტარიზაციის დაწყება და ჩვენი კეთილი ნების გამოხატვა ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს რაიმე პროვოკაცია, რაც კიდევ უფრო გაართულებდა მდგომარეობას და რასაც ჩვენის მხრიდან მოყვებოდა ისეთი საპასუხო რეაქცია, რაც ჩვენ არანაირად არ გვსურს და რასაც ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ამასთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა დიალოგმა შედეგი გამოიღოს და შევძლოთ შერეული საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილებათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ამოქმედება.
და ბოლოს, მე დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე, რომ სიტუაცია არის დაძაბული, რომ არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაშიც კი, რასაც ჯერ კიდევ არ ქონდა ადგილი ჩემი პირველი ვიზიტის დროს, მაგრამ სიტუაცია ჯერ კიდევ კონტროლირებადია, ჯერ კიდევ მართვადია და იგი დამოკიდებულია ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელსაც ჩვენ მივმართავთ პრობლემის მოგვარების ყველა საშუალების ერთდროულად გამოყენების მიზნით.
გმადლობთ.
ვენა, 2004 წლის 18 აგვისტო