Site icon Civil.ge

“მემარჯვენე ოპოზიცია” სამხრეთ ოსეთის საკითხზე საპარლამენტო დებატების გამართვას ითხოვს

დღეს საპარლამენტო ოპოზიციის, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლებისაგან ახსნა-განმარტება მოითხოვა სამხრეთ ოსეთში აგვისტოს მიწურულს განვითარებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.


19 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ცხინვალის რეგიონიდან დამატებითი საჯარისო შენაერთების გამოყვანასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებს მსხვერპლი მოჰყვა.


გამყრელიძე საქართველოს ხელისუფლებას 10 კითხვაზე სთხოვს პასუხს.


“რა დაუჯდა ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთში წარმოებული წარუმატებელი სამხედრო კამპანია, რამდენი ადამიანი შეეწირა მას, იყო თუ არა ეს ყველაფერი შეთანხმებული აშშ-სთან” – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის პირველივე სხდომაზე ელის ხელისუფლებისაგან.


“ჩვენ მოვითხოვთ, საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე გაიმართოს დებატები ბოლო დროს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან საბოლოოდ გაირკვეს იყო ამ კამპანიის უშედეგოდ დასრულებაში დამნაშავე პრეზიდენტი, მთავრობა თუ ცალკეული მინისტრები”, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ.


საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა 14 სექტემბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)