Site icon Civil.ge

სააკაშვილი სასამართლო სისტემას სამართლიანობისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კორუფცია ქვეყნის განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. მისი თქმით, რეფორმების გატარებაა საჭირო ქართული სასამართლოების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომელთა წინაშე  სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კოტე კემულარია ფიცის დადების შემდეგ ოფიციალურად შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას. ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიას პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც დაესწრო. 


განათლებით იურისტი კოტე კემულარია 2004 წლის თებერვლიდან რუსეთში საქართველოს ელჩად მსახურობდა. მანამდე მას “ნაციონალური მოძრაობის“ თანათავმჯდომარის პოსტი ეკავა. 90-იანი წლების დასაწყისში იგი იუსტიციის მინისტრი იყო.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს განუცხადა, რომ მათ მთავარ ამოცანას სასამართლო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრა წარმოადგენს.


“არავის უნდა საქართველოსთან საქმის დაჭერა, რადგანაც ქართველი მოსამართლეები ქრთამს იღებენ“, განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის გაძლიერება. სასამართლო სისტემამ კი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამაში. არავის მოუნდება საქართველოში ფულის ჩადება, სანამ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა“, აღნიშნა პრეზიდენტმა.


“ცოტა ხნის წინ ბათუმის სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე იქნა დაპატიმრებული 3 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების გამო. ბევრი სხვა მოსამართლე კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ქრთამს იღებს. ეს [მოსამართლის დაკავება] პირველი შემთხვევა იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბოლო შემთხვევა არ იქნება, სამართალდამცავები ძალიან ყურადღებით არიან“, განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე დასძინა, რომ სასამართლოებში ბევრი პატიოსანი მოსამართლეც მუშაობს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ სასამართლო სისტემის დასახვეწად.


მან მოუწოდა სასამართლო სისტემაში შემდგომი რეფორმების გატარებისკენ.


“ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მოსამართლე, რომლისთვისაც ჩემი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე კანონი“, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)