Site icon Civil.ge

ოპოზიცია ცხინვალთან მიმართებაში ხელისუფლების “შეცდომებზე” საუბრობს








დეპუტატებმა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ
მოვლენებზე 16 სექტემბერს დებატები გამართეს.

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხივალის რეგიონთან  მიმართებაში უკანასკნელ პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდა. ამ მიზნით საქართველოს პარლამენტში “მემარჯვენე ოპოზიციის” მოთხოვნით 16 სექტემბერს დებატები გაიმართა, სადაც ხელისუფლებას აგვისტოში სტრატეგიული სიმაღლეების აღების შემდეგ პოზიციების დათმობასა და ჯარის გამოყვანის “წარუმატებელ კამპანიასთან” დაკავშირებით პასუხს სთხოვდნენ.

რამდენი ადამიანი შეეწირა აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს, რა მიზნით მოხდა კონფლიქტის ესკალაცია და გააჩნდა თუ არა ხელისუფლებას სამოქმედო გეგმა, გაძლიერდა თუ არა ამ მოვლენების შემდეგ რუსი სამშვიდობოების პოზიციები,  ვინ აწარმოებდა, ვინ იყო პასუხისმგებელი და რა შედეგები მოიტანა სამხედრო ოპერაციამ, რამდენი დაიხარჯა, რატომ უნარჩუნდებათ რუს სამშვიდობოებს სტატუსი ხელისუფლების მიერ რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ არაერთი აღიარების მიუხედავად, რამდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა საქართველოში საინვესტიციო გარემოზე და იყო თუ არა აგვისტოს კამპანია შეთანხმებული სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან – ოპოზიციის ეს შეკითხვები, რომელიც ჯერ კიდევ 7 სექტემბერს გაეგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებას, ფაქტიურად პასუხგაუცემელი დარჩა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ცხინვალის რეგიონის საკითხის გააქტიურების დღიდანვე აქტიურად იყო ჩართული იქ მიმდინარე პროცესებში, ოპოზიციის კითხვების უმრავლესობაზე პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ აგვისტოში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მინისტრმა პარლამენტარებს, რომელთაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას, სათითაოდ წაუკითხა დაღუპული ჯარისკაცების სახელები და გვარები.

“არავის უფიქრია, რომ ამ გმირების შესახებ ინფორმაცია ვინმესთვის დაემალა”, დასძინა ოქრუაშვილმა. თუმცა ამ დრომდე დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელედებოდა და ხელისუფლება არც მათ გვარებს ახმაურებდა.

ოქრუაშვილის განცხადებით, ქართული მხრიდან შეტევის დაწყებამდე ხდებოდა მასირებული შეტევა “იმ ბიჭებზე, რომლებიც დაიღუპნენ”. “ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ გვეპასუხა ოსური მხარისათვის, პირდაპირ გეტყვით, რომ ცხინვალიც დავბომბეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გახსნა კოკოითმა გზები, რამაც ჯარების იქ ყოფნის აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოხსნა”, აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მტკიცებით, ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვას სამი მშვიდობიანი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეეწირა.

დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერია, აცხადებს, რომ ხელისუფლება არათანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებდა ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. “გამართლებული ჰუმანიტარული შტურმი გაუმართლებელი ძალისმიერი შტურმით შეიცვალა. დღისის სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით – ომი, შთაბეჭდილება ისეთია, რომ საქართველოს ცალკე დღის და ცალკე ღამის მთავრობები ჰყავს”, განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

“გენერალური შტაბის უფროსის გივი იუკურიძის განთავისუფლება და შინაგანი ჯარის შსს-თვის ჩამორთმევის ფაქტები თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება შეთანხმებულად არ მოქმედებდა და კოორდინაციის პრობლემა მთავრობაში ნამდვილად იდგა”,  განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.

გენერალური შტაბის უფროსი გივი იუკურიძე ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან მალევე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო შინაგანი ჯარის თავდაცვის სამინისტოსთვის დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 15 სექტემბერს გაახმოვანა.

“მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, შეცდომა იყო სტრატეგიული სიმაღლეების სამშვიდობო ძალებისთვის გადაცემა. “საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ერთხელ იძლევა შანსს, რომ ელვისებული შეტევით მოგვარდეს პრობლემა, თუმცა მიღწეული შედეგიდან უკანდახევით, ჩვენ ეს შანსიც გავუშვით ხელიდან”, აცხადებს დავით გამყრელიძე.

“აგვისტოში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ვირჩევთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას, ჩვენი ამოცანა იყო, რომ ომში არ ვყოფილიყავით ჩათრეულები. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს დაგვეფიქსირებინა ცალსახად იმ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ატარებდა”, განუცხადა გიგა ბოკერიამ “სივილ ჯორჯიას”.

ხელისუფლება შეცდომებზე საუბარს გაურბის, თუმცა გარკვეული მინიშნებები მაინც კეთდება. “არ ვიცი ამას შეცდომა დავარქვა თუ არა, მაგრამ ის ტემპები, რომელიც შეიარაღებული ძალების რეფორმირების საქმეშია, უნდა დაჩქარდეს. გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებებიც ამ მიზნით იქნა მიღებული”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში გიგა ბოკერია.

16 სექტემბრის საპარლამენტო სხდომაზე დავით გამყრელიძემ, რომელიც აგვისტოს სამხედრო კამპანიას “აბსოლუტურად გაუთვლელს და იმპულსურს” უწოდებს, განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების შედეგი მხოლოდ ის არის, რომ “დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ეუთო და დსთ, ცდილობს დაითანხმოს კოკოითი ჟვანიასთან შეხვედრაზე”.

“ახალი მემარჯვენეები” პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, უშიშროების, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ იმ სრული “წარუმატებლობის გამო, რომელიც ხელისუფლებამ ცხინვალში განიცადა”. 

“ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა დღეს ისევ ავტომატით ხელში ათენებს და აღამებს და დარჩენილია მხოლოდ იმის იმედად თბილისიდან როდის ჩაუტანენ ფქვილს თუ ზეთს. ისევ იმ მდგომარეობას დავუბრუნდით, რაც 10 წლის წინ იყო შექმნილი ცხინვალის რეგიონში”, განაცხადა დავით გამყრელიძემ.

თუმცა გიგა ბოკერიას განცხადებით, “სამხრეთ ოსეთში სტატუს ქვო ვერასოდეს ვეღარ აღდგება, რადგან ერგნეთის ბაზრობა დაკეტილია, ქართული სოფლები დაცულია და მესამეც, არსებობს ხელისუფლების ურყევი ნება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მივიდეს ბოლომდე. ხვალინდელი დღე იქნება ამის დასტური”.