საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების “ეტაპობრივი“ მოგვარების გეგმით გამოდის.
პრეზიდენტმა სამ ძირითად ნაბიჯს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების დაჩქარებას შეუწყობს ხელს: ნდობის აღდგენა, კონფლიქრის ზონების დემილიტარიზაცია და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია, და ასევე თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის “ფართო ავტონომიის“ მინიჭება.
“პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს ნდობის აღდგენის ღონისძიებათა გატარებას … ეს ღონისძიებები დააკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთმანეთთან, ასევე სტუდენტებს სტუდენტებთან, ჟურნალისტებს ჟურნალისტებთან, ჯანდაცვის მუშაკებს თავის კოლეგებთან, სპორტსმენებს სპორტსმენებთან, დედებს დედებთან…“, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ნდობის აღდგენა ნიშნავს “ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“.
მეორე ნაბიჯი გულისხმობს სპეციალურ ღონისძიებებს, მათ შორის ომის ინსტრუმენტების გამორიცხვას და დემილიტარიზაციას, ასევე შიშის და კრიმინალური ატმოსფეროს გაქრობას, აღნიშნა პრეზიდენტმა.
“ეს ელემენტები ნდობის აღდგენასთან ერთად უნდა განხორციელდეს“, დასძინა მან.
მან ასევე მოუწოდა სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციისაკენ. “საჭიროა სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია და რეალური საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატის განხორციელება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მესამე ნაბიჯი ითვალისწინებს კონფლიქტის გლობალურ მოგვარებას გლობალური გარანტიებით, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ყველაზე ფართო ავტონომიების შექმნამდე… რაც გულისხმობს კულტურისა და ენის დაცვას, უზრუნველყოფს თვითმართველობას, ფისკალურ კონტროლს და ცენტრალურ ხელისუფლებაში ამ რეგიონების მნიშვნელოვან წარმომადგენლობას “, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, რომლებიც მსოფლიოსთვის “შავ ლაქას“ წარმოადგენენ, ხდება დანაშაულის, ნარკოტრანზიტის, იარაღით ვაჭრობის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტერორიზმის ხელშეწყობა.
“უკანონო და უკონტროლო ზონები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ევროპისათვის … საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ დაუშვებს უსაფრთხოების რისკების იგნორირებას, რომლებიც წარმოიშვება ამ “შავი ლაქებიდან” და კონტრაბანდისტთა თავშესაფრებიდან“, დასძინა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)