საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტმა მიიწვია, დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა გაეროში საქართველოს საწევრო გადასახადის არსებული დავალიანების თაობაზე, რასაც შედეგად საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოჰყვა.
სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავრობამ ნაწილობრივ გადაიხადა დავალიანება, კერძოდ საუბარია 2004 წლის საწევრო გადასახადზე. ამგვარად, საქართველო იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას აღიდგენს ხმის უფლებას გაეროში. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დავალიანების დაფარვის 10-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ყოველწლიურად 766, 299 აშშ დოლარს გადაიხდის გაეროს ბიუჯეტში.
დეპუტატებმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა სექტემბერში სალომე ზურაბიშვილი პასიურობაში დაადანაშაულეს, რასაც შედეგად საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოჰყვა. კრიტიკა დაემთხვა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს აშშ-ში, სადაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობდა.
“აბსოლუტურად მიუღებელი და განსაცვიფრებელი იყო, როდესაც ამგვარი განცხადება გაკეთდა ჩემი ვიზიტის დროს გაეროში. მინისტრმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელმა, უნდა იგრძნოს მხარდაჭერა თავისი ქვეყნიდან ამგვარი ვიზიტების დროს“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)