Site icon Civil.ge

სააკაშვილის თქმით, ენერგოდივერსანტები განეიტრალებულები არიან

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა სამხრეთ ოსეთის დივერსიული ჯგუფი გაანადგურა. სავარაუდოდ, სწორედ ეს ჯგუფი აფეთქებდა ელექტროგადამცემ ხაზებს საქართველოში.


10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ორი გადამცემი ხაზი ააფეთქეს, რასაც წინ უძღოდა 9 ოქტომბერს ანალოგიური აფეთქება გორის მახლობლად “ქართლი 2“-ზე. აფეთქებების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეზღუდულია.


“მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ბოლო მოუღო კონტრაბანდული საქონლის შემოსვლას სამხრეთ ოსეთიდან, იქ [სამხრეთ ოსეთში] შეიქმნა დივერსანტთა ჯგუფები საქართველოს ენერგოსისტემის პარალიზების მიზნით“, განაცხადა სააკაშვილმა 20 ოქტომბერს.


სააკაშვილმა არ დააკონკრეტა ოპერაციის დეტალები – როდის და სად განხორციელდა იგი. თუმცა, ქართული მედიის ცნობით, 12 ოქტომბერს სოფელ კირბალთან, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად მომხდარი შეტაკება სპეცრაზმის მიერ სწორედ ამ დივერსიული ჯგუფის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია იყო.


შეტაკების შედეგად ორი ოსი სამშვიდობო გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა. დაჭრილი სამხედრო კიდევ ორ სამშვიდობოსთან და ერთ სამოქალაქო პირთან ერთად საქართველოს უშიშროებამ დააკავა. მოგვიანებით, დაკავებულები ოსურ მხარეს გადასცეს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)