Site icon Civil.ge

ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მთავარი თემა დემილიტარიზაცია იქნება







თბილისი და ცხინვალი კონფლიქტის ზონაში
ზედმეტი ჯარების განლაგებას აბრალებენ ერთმანეთს
ფოტო: სამხრეთ ოსეთის პრესისა და
ინფორმაციის კომიტეტი

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა სოჭში ნოემბრის პირველ კვირას გაიმართება.
 
“მოლაპარაკებების დროს კონფლიქტის ზონის განიარაღება ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება”, განუცხადა 21 ოქტომბერს ზურაბ ჟვანიამ “სივილ ჯორჯიას”. თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს კონფლიქტის ზონაში დამატებითი ჯარების განლაგებაში ადანაშაულებენ.
 
თუმცა, ცოტა ხნის წინ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ დემილიტარიზაციის საკითხთან ერთად, ქართული მხარე მოლაპარაკებებზე თვითგამოცხადებული რეგიონის პოლიტიკური სტატუსის საკითხსაც დააყენებს. თუმცა, სამხრეთ ოსეთის კომპრომისზე არ მიდის და დაჟინებით აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრა ათი წლის წინ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს თემა განხილვის საგანს აღარ წარმოადგენს.
 
სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა სოჭში არაუგვიანეს 10 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.
 
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები უსასრულოდ გაგრძელდეს.
 
“არ შეიძლება მოლაპარაკების პროცესისის გაჭიანურება. სულაც არ არის აუცილებელი ევროპის ქალაქებში ან სოჭში წასვლა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან შესახვედრად. მე თვითონ მზად ვარ წავიდე ცხინვალში, რომელიც მანქანით სულ 90 წუთის მანძილზეა თბილისიდან დაშორებული“, განაცხადა სააკაშვილმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
 
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ოთხივე მხარის (საქართველო, რუსეთი, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის) თანათავმჯდომარეები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო პერიოდში სამშვიდობოებზე დაფიქსირებული თავდასხმების საკითხი.  ამ ინციდენტების შედეგად კონფლიქტის ზონაში ორი ოსი სამშვიდობო გარდაიცვალა, ხოლო ექვსი, მათ შორის ოსი, რუსი და ქართველი სამშვიდობო დაიჭრა. 
 
“კომისია შეთანხმდა ჩამოაყალიბოს ერთობლივი საგამოიძიებო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს სამშვიდობოებზე თავდასხმების თითოეულ ფაქტს, ასევე ბოლო დროს დაფიქსირებულ სროლებს“, განუცხადა ქართული სამშვიდობოთა ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე კიკნაძემ “სივილ ჯორჯიას“ 21 ოქტომბერს.
 
ცხინვალის რეგიონში, დიდი ლიახვის ქართულმა მოსახლეობამ 19 ოქტომბერს  ცხინვალი-ჯავის ავტომაგისტრალი გადაკეტა. ისინი ოსური მხარისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
 
მოსახლეობის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ოსური მხრიდან განუწყვეტლივ ისმის სროლები. ამ მიზეზით დღეს ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.  მიუხედავად ქართველი მოსახლეობის ბრალდებებისა, ოსური მხარე ქართველებს ადანაშაულებს ცეცხლის გახსნაში.
 
21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა ქართული მხარე სოფელ ქვემოახალსოფელში არასანქცირებული, არასამშვიდობო ჯარების კონცენტრაციაში დაადანაშაულა. “ამ ტიპის ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ თბილისი კვლავ განიხილავს კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების შესაძლებლობას“, ნათქვამია განცხადებაში.