მოსამართლე გიორგი აკაბამ (შუაში) “უამრავი |
უზენაესი სასამართლოს განკარგულებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი თვის ვადაში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩაატაროს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ამას პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა ითხოვდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი აკაბას განცხადებით, 3 ოქტომბრის არჩევნების დროს “უამრავი დარღვევა“ დაფიქსირდა.
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, 28 ოქტომბერს გვიან ღამით, საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და სერგეი ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას მომხრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. “იტარ-ტასის“ ცნობით, რაულ ხაჯიმბამ თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში ხმების 50.08%-ით გამარჯვებულად გამოცხადდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 27 ოქტომბერს ხმების ხელახალი დათვლა განახორციელა. ამ პროცედურის შედეგად სასამართლომ სერგეი ბაღაფში გამოაცხადა პრეზიდენტად, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)