Site icon Civil.ge

ნატომ საქართველოს პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ნატოს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ 29 ოქტომბერს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) დაამტკიცა.


“ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამასა და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში აქტიური თანამშრომლობით საქართველომ დაამტკიცა შეუქცევადი სწრაფვა ამ მიზნისკენ”, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ქვეყნის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროების რეფორმირებას გულისხმობს და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევასთან ერთად ნატოს წევრი და მოწინავე პარტნიორი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს.


საქართველოს სათანადო უწყებებმა, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა ნატოს საერთაშორისო სამსახურსა და ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადეს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შემდეგ საქართველო მიუერთდება ნატოში გაწევრიანების სამოქმედი გეგმას (MAP)“, ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)