Site icon Civil.ge

სააკაშვილი უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბათილად ცნობის შესახებ “ისტორიულს“ უწოდებს.


უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 3 დეკემბერს გააუქმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და 26 დეკემბერს განმეორებითი არჩევნები დანიშნა, ისე, როგორც ამას ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო ითხოვდა.


“ეს ისტორიული დღეა; ისტორიული დღეა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის. დემოკრატიზაციის პროცესმა რეგიონში, რომელიც საქართველოს “ვარდების რევოლუციით” დაიწყო, უკრაინელი ხალხი შთააგონა “, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.


“საქართველოსთვის ახალი საერთაშორისო რეალობა იწყება. ეს [უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება] უკრაინელი ხალხის უდიდესი გამარჯვებაა; თუმცა, საბოლოო წარმატება [განმეორებით] არჩევნებში გამარჯვება იქნება. უკრაინელი ხალხი ჩემთვის უცხო არ არის. მე საუკეთესო წლები უკრაინაში გავატარე“, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც 1992 წელს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა.    


მისი თქმით, აქამდე იგი ცდილობდა თავი შეეკავებინა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისგან, რადგანაც იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეა.


“ვცდილობდი არ გამომეხატა ჩემი სიმპათიები, თუმცა, ალბათ ვინმე შენიშნავდა ჩემი ჰალსტუხის ფერს“, აღნიშნა პრეზიდენტმა, მიუთითა რა თავის ნარინჯისფერ ჰალსტუხზე. ეს ფერი უკრაინის ოპოზიციის სიმბოლოა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)