პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ ყველა ის ჯარისკაცი, რომელმაც თავისი სამხედრო ნაწილი არმიაში ცუდი სოციალური პირობების მოტივით დატოვა, “ციხეში უნდა წავიდეს“.
სააკაშვილი დღეს შინაგანი ჯარის მეთაურს გოგი თათუხაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა და მათთან არმიაში მომხდარი ინციდენტის განიხილა.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრად ისაუბრა იმ 60 ჯარისკაცზე, რომელთაც მუხროვანის სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს. სააკაშვილმა მათ “უდისციპლინო ჯარისკაცები“ უწოდა.
“კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ თუ ჩვენ ვერ დავამყარებთ წესრიგს არმიაში, ჩვენ როგორც ერი ვერ შევდგებით. ჯარი ნუცას სკოლა არ არის. ყველა ის ოფიცერი და ჯარისკაცი, რომელიც [სამხედრო ნაწილიდან] გაიქცა, მკაცრად უნდა დაისაჯოს; ყველა მათგანი ციხეში უნდა წავიდეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯარში იყოს კარგი პირობები: გათბობა, საკვები და ყველაფერი, რაც ჯარისკაცებს ესაჭიროებათ … მე ვავალებ ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულოს ყველა სამხედრო ნაწილი საქართველოში და შეამოწმოს იქ არსებული პირობები“, განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი არმიაში“, დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)