31 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიამ უკვე “შეასრულა თავისი მისია“. მან ასევე დასძინა, რომ მისია “არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ეფექტურობით“.
30 დეკემბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. შედეგად, 150-მდე დამკვირვებელმა ეუთოს წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგს 1999 წლიდან ახორციელებდნენ, 31 დეკემბრიდან თავიანთი პოსტების დატოვება დაიწყეს.
“2005 წლის 1 იანვრიდან ეუთოს დამკვირვებლები შეწყვეტენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას და დაიწყებენ თანდათან გამოსვლას. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება“, განაცხადა ალექსანდრე იაკოვენკომ.
“ვფიქრობთ, რომ ეუთოს დამკვირვებლებმა უკვე შეასრულეს თავისი მისია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. საზღვრის უსაფრთხოების დაცვის სფეროში რუსეთსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის ფონზე, ეუთოს მონიტორინგის მისია, რომელიც არ გამოირჩეოდა რაიმე განსაკუთრებული ეფექტურობით, ვეღარ იქონიებს გავლენას არსებულ სიტუაციაზე“, განაცხადა იაკოვენკომ.
მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან და უშიშროების სტრუქტურებთან, რათა თავიდან აიცილოს საზღვის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები და ტერორიზმის საფრთხე.
150-მდე უიარაღო დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს ახორციელებდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განეცხადებინათ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)