პიტერ შოუ 141 დღიანი ტყვეობიდან 2002 წლის 6 ნოემბერს გათავისუფლების შემდეგ. |
ცოტა ხნის წინ ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ჭიჭიაშვილი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ესპანელი ბიზნესმენის და ქართველი პარლამენტარის გატაცებაში, პიტერ შოუს გატაცებაშიც მონაწილეობდა.
“თავდაპირველად შოთა ჭიჭიაშვილს მართლაც ედებოდა ბრალი პიტერ შოუს გატაცებაში, თუმცა მოგვიანებით ეს ბრალდება მოეხსნა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ხათუნა ცხვედაძემ 24 იანვარს.
მისი თქმით, პიტერ შოუს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, თუმცა ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.
23 იანვარს BBC იტყობინებოდა, რომ პიტერ შოუ თავადაც გააკვირვა ქართული მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მისი გამტაცებელი დააკავეს, რადგანაც იგი თავად აპირებდა საქართველოში ჩასვლას ჩვენების მისაცემად.
“ვცდილობ გავარკვიო რა ხდება. მე ურთიერთობა მაქვს ჩემს საკონტაქტო პირებთან საქართველოში და იმედი მაქვს მალე გავარკვევ რა ხდება … ყველაფერი ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება“, – აცხადებს BBC პიტერ შოუს სიტყვებზე დაყრდნობით.
პიტერ შოუ, რომელიც საქართველოს “აგრობიზნესბანკის“ თანათავმჯდომარე იყო, 2002 წლის 18 ივნისს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა 7 პიროვნებამ მისი სახლის ეზოდან გაიტაცა. მან ტყვეობას 2002 წლის 6 ნოემბერს, ბურუსით მოცულ ვითარებაში დააღწია თავი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)