Site icon Civil.ge

ლავროვი საქართველოს 18 თებერვალს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 19 იანვარს განაცხადა, რომ 18 თებერვალს თბილისში დაგეგმილი მისი ვიზიტის დროს განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.
 
სერგეი ლავროვმა განსახილველ საკითხებს შორის ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობას და ასევე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს.


“სამწუხაროდ, ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო თვეების განმავლობაში არ გამართულა. ვიმედოვნებ, რომ ჩემს ვიზიტამდე ეს საკითხი [ქართველი და რუსი დიპლომატების მიერ] განხილული იქნება”, განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, განიხილება ასევე “ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხი რუსეთის [საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული]სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გამოყენებით”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


საქართველომ რუსეთს გასული წლის ივნისში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა, რომელიც ჩაანაცვლებს რუსეთის ორ სამხედრო ბაზას ბათუმსა და ახალქალაქში.