რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე იაკოვენკო 28 იანვარს კომენტარს აკეთებს გაეროში საქართვლოს ელჩის რევაზ ადამიას ბრალდებაზე, რომ რუსულმა მხარემ არ დაუშვა მისი მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში 25 იანვარს, როცა აფხაზეთის საკითხი იხილებოდა.
“როგორც წესი, უშიშროების საბჭოზე გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების განხილვები, რომელიც კონკრეტულ რეგიონებში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებას ეხება, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. გამონაკლისი არც საქართველოში მისიის გაგრძელების საკითხი ყოფილა. ასე რომ, სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა დაბლოკა საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა უშიშროების საბჭოს სხდომაში, სიმართლეს არ შეესაბამება”, ნათქვამია იაკოვენკოს ოფიციალურ კომენტარში.
გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა რევაზ ადამიამ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც არ დაუშვა მისი მონაწილეობა უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში.
“განა ასეთი საშიშია რუსეთისთვის საქართველოს ელჩი? რისი თქმა შეუძლია ქართველ ელჩს, რაც რუსეთს არ მოეწონება? ეს არის სიმართლე – სიმართლე აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ”, განაცხადა რევაზ ადამიამ.
გაეროში საქართველოს ელჩმა 26 იანვარს უშიშროების საბჭოს წერილობითი მიმართვაც გაუგზავნა, სადაც მან გააკრიტიკა მოსკოვის როლი და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მოქმედება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)