დღეს მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შესახებ კომენტარი გააკეთა. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გამთენიისას გაზის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
“მე ძალიან მიმძიმს დღეს ლაპარაკი, გუშინ გვიან ღამით დაიღუპა ზურაბ ჟვანია. ეს ძალიან დიდი დარტყმაა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და ადამიანისთვის. საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი, რომლის მთელი ცხოვრება ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს. მე დავკარგე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, სანდო მრჩეველი და ყველაზე დიდი მოკავშირე”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მიუსამძიმრა ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, დედას და მის სამ შვილს. ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ იუსუფოვის ოჯახს, რომელიც ასევე დაიღუპა.
“ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მე მინდა მოვუწოდო ყველას სიმტკიცისაკენ, გამძლეობისკენ, იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო დიდი სამსახური და მაღალი მოვალეობა, ვიდრე ჩვენი ხალხის და ქვეყნის ერთგული სამსახური. რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, ბოლომდე დავრჩეთ ქვეყნის სამსახურში”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მე მინდა ყველას გისურვოთ სიმტკიცე და, რომ მეც მისურვოთ სიმტკიცე. მინდა ყველას გვესმოდეს, რომ მართლა ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ცხოვრება ასეთია, როგორიც დავინახეთ. ყველას გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა”, განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)