რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი საქართველოში 18 თებერვალს რუსული პრესის მთავარ თემას წარმოადგენს. რუსული პრესა ნაკლებ იმედებს ამყარებს იმის თაობაზე, რომ მისი ვიზიტი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რაიმე წინსვლას შეუწყობს ხელს.
კერძოდ, რუსული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ დიპლომატიურ სკანდალზე, რომელიც ლავროვის ვიზიტს უძღოდა წინ. კერძოდ, ქართულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოფიციალურიდან სამუშაო ვიზიტად მას შემდეგ შეცვალა, რაც სერგეი ლავროვმა უარი განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე.
“საქმეები ჯერ კიდევ მაშინ წავიდა ცუდად, როდესაც ლავროვის თვითმფრინავი არც კი იყო გამოფრენილი ერევნიდან. გაირკვა, რომ ვიზიტი, რომელიც თავდაპირველად ოფიციალური უნდა ყოფილიყო და გადამწყვეტის შეფასებაც კი ეძლეოდა, ბოლო მომენტში სამუშაო ვიზიტით შეიცვალა “, წერს “ნეზავისიმაია გაზეტა“ .
გაზეთი “იზვესტია“ საქართველოს გადაწყვეტილებას ოფიციალური ვიზიტისთვის “სამუშაოს“ სტატუსის მინიჭების თაობაზე შიდა მოხმარებისთვის გამიზნულ “PR აქციას“ უწოდებს, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია: სერგეი ლავროვმა უკან არ მიაბრუნა თვითმფრინავი და თბილისში მაინც ჩავიდა.
გაზეთი “იზვესტია“ რუსეთის დელეგაციის უცნობ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “ამ ხმაურიანი კამპანიის უკან ან მოლაპარაკებებზე თბილისის სუსტი პოზიცია დგას , ან [თბილისის] მოუმზადებლობა [ორმხრივ ურთიერთობებში არსებული] პრობლემების მოსაგვარებლად“.
გაზეთი “კომერსანტი“ ლავროვის ვიზიტის წინ განვითარებულ მოვლენებს “უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალის“ შეფასებას აძლევს. “სიტუაცია ვიზიტის წინ ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ თბილისი და მოსკოვი შეძლებენ მოლაპარაკებას რაიმე საკითხზე“, იტყობინება გაზეთი.
რუსეთის სახელმწიფო გაზეთი “როსიისკაია გაზეტა“ იტყობინება, რომ ქართულმა მხარემ სკანდალი ლავროვის ვიზიტამდე მოაწყო. “გუშინ [17 თებერვალს] ვეტერანთა ჯგუფმა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იბრძოდნენ, რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მოაწყო და საელჩოს წინამდებარე ტერიტორიაზე დადო გვირგვინი წარწერით “ვიზიარებთ რუსეთის დიპლომატიის გარდაცვალებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)