Site icon Civil.ge

რუსეთი ბაზებზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებას “კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა 10 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება რუსეთის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ “კონტრპროდუქტიულია“ ამ პრობლემის მოგვარებისათვის.


“ულტიმატუმი ვერ მოაგვარებს პრობლემას. ეს მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ სედოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ ეყრდნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან უცნობი წყაროს სიტყვებს, რომელმაც ასევე უწოდა საქართველოს პარლამენტის დადგენილებას “კონტრპროდუქტიული“.

“რუსული მხარე აპირებს თბილისს პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადებები შესთავაზოს“, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ და აქვე დასძინა, რომ “ბაზების გამოსაყვანად აქტიული მზადება მიმდინარეობს“.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალმა ანატოლი მაზურკევიჩმა 10 მარტს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსულს სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად.


“ეს [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომელსაც დავიცავთ რუსულ–ქართული მოლაპარაკებების მსვლელობისას“, განაცხადა მაზურკევიჩმა.


რუსეთის შემსუბუქებულ პოზიცია თბილისის ოფიციოზმა “დადებით სიგნალად“ შეაფასა. “მოსკოვი მზად არის წამოვიდეს ორივე მხარისთვის მისაღებ კომპრომისებზე – ეს არის გადამწყვეტი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა 10 მარტს, რუსული ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მოსკოვის შერბილებულ პოზიციაზე კომენტირებისას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)