ქართული მედიის ცნობით, შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში 13 მარტს განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის არსებული უთანხოებაა.
ქარელის პოლიციის უფროსის ბესო გიორგაშვილი დაპატიმრების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ რეგიონის ყველა რაიონის პოლიციის უფროსები დაითხოვეს სამსახურიდან. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი და მისი მოადგილეები ასევე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.
გაზეთი “24 საათი” 14 მარტს იტყობინება, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მცდელობით ახსნა, თუმცა ძნელი სათქმელია, თუ რა რეალური მიზეზები დგას ამ საკადრო ცვლილებების უკან.
“ალეკო [ალექსანდრე] სუხიტაშვილი ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრად, როცა იგი [ოქრუაშვილი] შიდა ქართლის გუბერნატორი იყო [2003 წლის ბოლოს]“, წერს “24 საათი“.
გასული წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი იყო, შემდეგ გენერალური პროკურორი და ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
“ახალი კადრის შესარჩევად შინაგან საქმეთა მინისტრს [ვანო მერაბიშვილს] ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია – უშიშროების საბჭოს სხდომა ჯერ დასრულებულიც კი არ იყო, როდესაც მინისტრის მოადგილე ბიძინა ბრეგაძე ახლადდანიშნულ სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად უკვე გორისკენ მიემართებოდა“, იტყობინება გაზეთი “24 საათი“.
თავის ერთ-ერთ სტატიაში სათაურით “მერაბიშვილი ოქრუაშვილის კადრების წინააღმდეგ“ გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე, ბესო გიორგაშვილი, ქარელის პოლიციის უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს დაკითხვაზე, სადაც მას მოსთხოვეს ალექსანდრე სუხიტაშვილის და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მიხეილ ქარელის კონტრაბანდასთან შესაძლო კავშირის თაობაზე მიეცა ჩვენება.
“გიორგაშვილმა უარყო მსგავსი კავშირების არსებობა. იგი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს“, წერს “რეზონანსი“.
“რამდენიმე დღის წინ გიორგაშვილი, კასპის პოლიციის უფროსთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს. ეს, ფაქტობრივად, გატაცება გახლდათ. ორივე მათგანს მოსთხოვეს ალეკო სუხიტაშვილისა და მიხეილ ქარელის მხრიდან კონტრაბანდული საქმიანობის მფარველობის შესახებ ჩვენებები. ამაზე უარი მიიღეს. შაბათს კი გავიდა გადაცემა “დროების“ ანონსი, სადაც მინიშნებით იყო ნათქვამი, რომ გიორგაშვილი მომხდარის შესახებ ტელევიზიას ინფორმაციას აწვდიდა. კვირა დილით ის დააპატიმრეს“, განუცხადა გიორგაშვილის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ “24 საათს“, თუმცა მან ვერ დააკონკრეტა, თუ ვინ სთხოვდა გიორგაშვილს შიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ უარყო ვერსიები მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირების თაობაზე და მათ “სულელური“ უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)