Site icon Civil.ge

გოგა ჟვანია ძმის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბრობს

გაზეთმა “რეზონანსმა” 4 აპრილს საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის გოგა ჟვანიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ეჭვს გამოთქვამს მისი ძმის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.


აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასრულა გამოძიება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე. მისი დასკვნა ემთხვევა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ წინასწარ შეფასებებს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან აირის გაჟონვამ გამოიწვია.


გოგა ჟვანიამ “რეზონანსს“ განუცხადა, რომ საქმეში მთელი რიგი გარემოებები არსებობს, რომლებიც ოფიციალურ დასკვნებს ეჭვის ქვეშ აყენებს. “როდესაც მე და ნინო [ზურაბ ჟვანიას ქვრივი] ექსპერტიზის ბიუროში მივედით, პირდაპირ გვითხრეს, რომ ბინაში არ ყოფილა აღმოჩენილი [ზურაბ ჟვანიას] თითის ანაბეჭდები“, განაცხადა მან.


გოგა ჟვანიამ უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა მისი ძმის მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ არ სურს ამაზე საუბარი დამოუკიდებელი გამოძიების დასრულებამდე. “ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი … მაგრამ თუ [ოფიციალური] გამოძიება გაიწელება, მაშინ მე ყველაფერს ვიტყვი. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით“, დასძინა მან.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)