Site icon Civil.ge

სამოქალაქო საზოგადოება პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ინიციატივაზე ღია მიმართვას უგზავნის

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტისადმი ღია მიმართვაში მიხეილ სააკაშვილს  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივის რეალიზაციის დაწყებამდე კონკრეტული ღონისძიებების გატარებას სთავაზობენ, რაშიც “პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, თავადაც მიიღებენ მონაწილეობას“.


“ეს ხელს შეუწყობს შეუქცევადი გახდეს ოს ხალხში უნდობლობის ლღობის პროცესი“, ნათქვმია 5 აპრილს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ექსპერტი და პოლიტიკოსი აწერს ხელს.


პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურად შეაფსოს 1990-92 წლების შეიარაღებული კონფლიქტი.  ასევე  მკაფიო ახსნა უნდა მოეძებნოს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებს, როცა მხარეებს შორის შეიარაღებული კონფრონტაცია მსხვერპლით დასრულდა.


“მხოლოდ ასეთი ოფიციალური შეფასებების შემდეგ შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი“, მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს.


ასევე დროულად უნდა მოხდეს კონფლიქტის ზონაში კრიმინალური ფაქტების გამოძიება.


მეორეც, 1990-92 წლების კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ქონებრივი რესტიტუციის კანონი სამშვიდობო ინიციატივის დაწყებამდე უნდა ამოქმედდეს.


ასევე ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, უნდა შემუშავდეს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფილ და რეპრესირებულ ოსური წარმოშობის მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების აღდგენას. “მსგავს ნაბიჯებს შეუძლია გააღვივოს რწმენა ოს მოსახლეობაში“, ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.


და ბოლოს მთავრობის ინიციატივა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში ან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში უნდა მიეწოდოს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას.


“დარწმუნებული ვართ ამ მოსაზრებათა გათვალისწინება ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის რეალიზებას“, აცხადებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)