ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო საუბარში თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა უარყო ინფორმაცია, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა, რომლებიც 11 აპრილს სოხუმს სტუმრობდნენ, იგი აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 10 მაისს დაგეგმილი ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით თბილისში მოიწვიეს. მან აქვე დასძინა, რომ რუსეთი კვლავ მთავარ შუამავლად რჩება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
სერგეი ბაღაფში, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველს სტივენ მანს 11 აპრილს სოხუმში შეხვდა. ქართული მედიის ვარაუდით, ამერიკელმა დიპლომატმა აფხაზეთის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა შესთავაზა.
“ამ საკითხს არც განვიხილავთ. ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ამგვარი რამ ვერ მოხდება. არა მგონია, რომ ეს არის ან იქნება შესაძლებელი… ჩვენ უკვე გვყავს რუსეთი, რომელიც ჩვენი პრობლემებითაა დაკავებული“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
This post is also available in: English (ინგლისური)