რუსულ გაზეთ “ნეზავისიმაია გაზეტა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი გამორიცხავს მოლაპარაკებებს რეგიონის პოლიტიკურ სტატუსზე და მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას ეთანხმება.
“ჩვენ [ქართულ და აფხაზურ მხარეებს] აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს კონფლიქტის მოგვარების საკითხთან. აფხაზეთმა უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როცა ჩვენმა ხალხმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და უკვე განვიხილავთ ქართულ მხარესთან სხვა საკითხებს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის და გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების საკითხებს. მზად ვართ ამ ჩარჩოებში ვიმუშავოთ“, განაცხადა სერგეი შამბამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის შესაძლო შეხვედრის თაობაზე და აღნიშნა, რომ “საჭიროა თავდაპირველად განისაზღვროს თუ რა საკითხები იქნება განხილული და რა სახის საბოლოო დოკუმენტზე უნდა მოხდეს ფოკუსირება. სამწუხაროდ, ეს ჯერ-ჯერობით არ მომხდარა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)