Site icon Civil.ge

უკრაინა მზადაა დამკვირვებლები გამოაგზავნოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი არ გამორიცხავს საქართველო-რუსეთის საზღვარზე  უკრაინელი დამკვირვებლების გამოგზავნას, იუწყება 20 აპრილს “რეგნუმი“.


“ამ პროექტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან ადრეც ვისაუბრეთ. უკრაინის მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა ამ პროექტში მონაწილეობაზე“, განაცხადა ტარასიუკმა კიევში ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 


მისივე თქმით, ამ საკითხის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამენ საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნებიც, მათ შორის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის მისიამ მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გასული წლის დეკემბერში რუსეთმა ვეტო დაადო მისიის გაგრძელებას. მოგვიანებით საქართველომ საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის თხოვნით ევროკავშირს მიმართა.

თუმცა 15-16 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საფრანგეთის დელეგაციამ, რომელსაც ასევე ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის დელეგაციებმა დაუჭირეს მხარი, უარი განაცხადა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ჩანაცვლების იდეაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)