Site icon Civil.ge

რუსული პრესა სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვის პარალელურად, რუსულმა მედიამ 26 აპრილს ინტენსიურად გააშუქა მოსკოვში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სალომე ზურაბიშვილის და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები, რომელიც არაოფიციალური შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს საქართველოდან 2007 წლის ბოლოსთვის გაიყვანს.


რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა” სტატიაში სათაურით  “ლავროვი დანებდა“ მოლაპარაკებების შედეგებს “სენსაციურს“ უწოდებს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტირებას ახდენს: “ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ბაზების გაყვანა 2005 წლიდან დაიწყოს“.


“ნეზავისიმაია გაზეტა” მოლაპარაკებების შედეგების რეგიონალურ კონტექსტზეც ამახვილებს ყურადღებას. “აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუშინ მოსკოვში ასევე ჩამოვიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანატოლი გრიცენკო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გრიცენკო ასევე აპირებს სევასტოპოლში [უკრაინა] რუსეთის სამხედრო ძალების [ფლოტის] ყოფნის საკითხის დაყენებას, მოსალოდნელია, რომ ლავროვის მოულოდნელ თანხმობას [ქართული მხარისთვის] გაგრძელება მოჰყვეს: თბილისის წარმატებამ ბაზებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს უკრაინის პოზიციაზეც“, წერს “ნეზავისიმაია გაზეტა“.


თავის წამყვან სტატიაში სათაურით “გავდივართ“, გაზეთი “იზვესტია” აღნიშნავს, რომ საქართველოს გადაწყვეტილი ჰქონდა რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადება მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში. იგულისხმება პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც 15 მაისს განსაზღვრავს ბაზების გაყვანის “გონივრულ“ ვადებზე შესათანხმებლად.


“ქართველები გეგმავდნენ რუსი სამხედროების გადაადგილების შეზღუდვას საქართველოს ტერიტორიაზე [პარლამენტის დადგენილების თანახმად]. საქართველო ასევე გეგმავდა რუსი სამხედროებისთბის წვრთნების ჩატარება აეკრძალა. და უცბად მოხდა სასწაული  – მოსკოვი დანებდა. ბრძოლის გარეშე, წყნარად“, წერს “იზვესტია“.


გაზეთი “კომერსანტის”  ცნობით, მოსკოვი შეეცადა შეთანხმებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის 9 მაისს მოსკოვში შესაძლო ვიზიტის წინ მიეღწია. “და ამ მიზეზის გამო მოსკოვი მნიშვნელოვან კომპრომისზეც დათანხმდა“, წერს გაზეთი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)