რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 26 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 8-9 მაისის ვიზიტის დაკავშირება ბაზების გაყვანის შესახებ რუსეთ-საქართველოს შეთანხმების დასრულებასთან “არასწორია“, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოსკოვს იმ შემთხვევაში ეწვევა, თუ მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმება რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე.
“ეს თითოეულ მოწვეულ სტუმარზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა მონაწილეობას სხვებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, [9 მაისს მეორე მსოფლიო ომში] გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ამის სხვა საკითხებთან დაკავშირება ან პირობების დაყენება აბსოლუტურად არასწორია“, განაცხადა ალექსანდრე იაკოვენკომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)