საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური მოხსენების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოხსენება თბილისისთვის მისაღებია. მისი თქმით, საქართველოს შესახებ გაკეთებული შეფასებები “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ოფისის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა 2004 წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა საერთაშორისო და შიდა ტერორიზმის წინააღმდეგ. “მიუხედავად ამისა, საქართველო მცირე მასშტაბით კვლავ გამოიყენება ტერორისტების სატრანზიტო სახელმწიფოდ, თუმცა მთავრობის მიერ 2002 წლის ბოლოს პანკისის ხეობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ბევრად უფრო ნაკლებად“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 28 აპრილს ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური მოხსენების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოხსენებაში “საგანგაშო“ არაფერია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)