Site icon Civil.ge

დავით გამყრელიძე ქართულ–რუსული ანტიტერორისტული ცენტრის წინააღმდეგ გამოდის

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 23 მაისს განაცხადა, რომ სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებები “წარუმატებლობისთვისაა განწირული“ ან “შესაძლოა ჩვენთვის ყველაზე უარესი შედეგებით დასრულდეს“.


დეპუტატმა დავით გამყრელიძემ ეს კომენტარი, რომელიც ტელეკომპანია “იმედით“ გადაიცა, მას შემდეგ გააკეთა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს რუსულ მხარესთან ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.  


“ჩვენ სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ნებას ვრთავთ [რუსულ მხარეს] ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრით ჩაანაცვლოს თავისი ბაზები საქართველოში. შედეგად, ნაცვლად უკანონო სამხედრო ბაზებისა, ჩვენ მივიღებთ ლეგალურ ანტიტერორისტულ ცენტრს, რომელიც იმავე რუსი სამხედროებით და მათი აღჭურვილობით იქნება დაკომპლექტებული“, განაცხადა გამყრელიძემ.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციის თანახმად, თბილისი ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც რუსული ბაზები დატოვებენ საქართველოს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)